LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა ჭელიძე: „შვილის მარტო გაზრდა რთული იყო… ლიზა ჩემთვის ყველაფერია…“

7899
mtavarze527

თამთა ჭელიძისა და ჯაბა კილაძის გოგონამ, ლიზამ, სამოდელო კარიერა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში დაიწყო და მასთან კონტრაქტიც გააფორმა. ლიზა ფსიქოლოგიის განხრით საზღვარგარეთ გეგმავს სასწავლებლად გამგზავრებას, სააგენტო კი ელოდება, როდის გახდება ის 16 წლის, რომ რამდენიმე ქვეყნის შეთავაზება განიხილოს მის სამოდელო კონტრაქტებთან დაკავშირებით.

დედა-შვილი ერთად გადავიღეთ და ჩავწერეთ, სპეციალურად fortuna.ge-სთვის.

დედები ძნელად ეგუებიან იმას, რომ შვილები გაიზარდნენ…

სულ ვემზადები და ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვიცი, რომ მალე შეიძლება საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად, ასეთი გეგმა აქვს და რომ არ მოვკვდე, ერთი წელია, ამაზე ფსიქოლოგიურად ვმუშაობ (იცინის). ორი-სამი წელია ამბობს, რომ საზღვარგარეთ უნდა წასვლა, სკოლის მერე პირდაპირ უნდა ჩავაბარო საზღვარგარეთო.

ვიცი, რომ თავდადებული დედა ხარ…

ასეა და ძალიან გამიჭირდება. ლიზას გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია. მინდა, დადებითი ემოციებითა და შემართებით გავუშვა და არა ტირილითა და ვაი-ვიშით (იცინის).

ლიზა, თამთა როგორი დედაა?

იმიტომ კი არაა კარგი დედა, რომ ყველაფერს მისრულებს, ადამიანურად ისე ვეწყობი და ისეთი ურთიერთობა მაქვს, ჩემი აზრით, სხვასთან ერთად ასე კარგად ვერ ვიქნებოდი. იმდენად მიწყობს ყველაფერში ხელს და იმდენად ესმის ჩემი, რომ ამის დაკარგვა არასდროს მინდა. ჩემთვის იდეალური დედაა. ჩემი აზრით, დედას რაღაცებზე პრობლემა უნდა ჰქონდეს და შვილს ყველაფერზე არ ეთანხმებოდეს, მაშინ ხომ არ მეცოდინება, რაში ვარ არასწორი და რა არ უნდა გავაკეთო. ამას ვამბობდი – იდეალურობა ეს არაა, იდეალურობა ისაა, რომ როგორც მეგობარი, ისე დამიჯდება, დამელაპარაკება, მეტყვის, რა არის უკეთესი, მეტყვის, რა არის ცუდი. რასაც მინდა, იმას ვუყვები და თავადაც მარიგებს ხოლმე.

თამთამ, გარეგნულად ორივეს გგავთ, შენც და ჯაბასაც. ხასიათითა და ტალანტებით ვისკენ არის?

ხასიათით, უფრო მეტად, ჯაბასკენ, თუმცა ჩემი შტრიხებიც აქვს. ჯაბასგან მისი გახსნილობა და კომუნიკაბელურობა აქვს, ჯაბა, უფრო მარტივად აღიქვამს მოვლენებს, ჩემგან განსხვავებით. მე ძალიან ემოციური ვარ, თუმცა შეიძლება, ეს არ მეტყობა. ზოგადად, ახალ ინფორმაციასა და მოვლენებს ცოტა რთულად ვხვდები.

რაც შეეხება ტალანტებს, ლიზას განსხვავებული სხვადასხვა ნიჭი აქვს. არის მაგარი იმაში, რაშიც მე და ჯაბა არასდროს ვყოფილვართ მაგრები. სწავლის მხრივაც და მიზანდასახულობითაც ორივეს გვჯობნის. მე მიდებ-მოდებული ვარ ბევრ რამეს, ესეც მინდა, ისიც მინდა, ლიზამ კი ზუსტად იცის, რა მოსწონს, რა უნდა. მინდა, ისეთი პროფესია აირჩიოს, მთელი ცხოვრება კმაყოფილი და ბედნიერი იყოს ამ არჩევანით და დარწმუნებული ვარ, რომ რასაც აირჩევს, იქ წარმატებული იქნება.

ლიზა:

ჯერჯერობით იმ ეტაპზე ვარ, როცა ყველაფერს ვეცნობი და უნდა ვნახო, რა მომწონს. ბოლოს ავირჩევ იმას, რაც ყველაზე კარგად გამომივა და სიამოვნებას მომანიჭებს. მართლა ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია, ამ სფეროზე მეტად არაფერი მაინტერესებს. როცა ფსიქოლოგიაზე აბარებ, მერეც ბევრი არჩევანი გაქვს. ვფიქრობ, ფსიქოლოგიისადმი სიყვარულიდან გამომდინარე ავირჩევ რამეს, არ ვგულისხმობ თერაპიას…

შენს ცხოვრებაში პარალელურად ვითარდება სამოდელო კარიერა. ხარ ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში. ეს გადაწყვეტილება რამ განაპირობა?

თავიდან სააგენტოში 12 წლის ასაკში მივედი. ჩემთან ერთად დადიოდნენ ისეთი ცნობილი მოდელები, როგორიც მატილდა გვარლიანია, თუმცა მაშინ არ იყო ასეთი პოპულარული. მათ მომცეს მოტივაცია, რომ ამ საქმით დავინტერესებულიყავი, მაგრამ ასაკი ხელს არ მიწყობდა, პატარა ვიყავი. ამიტომაც გამოვედი სააგენტოდან, ერთი წელი ვვარჯიშობდი, ბევრი ფეშენ შოუ ვნახე, ქუსლზე სიარული კარგად ვისწავლე და შემდეგ დავუბრუნდი სააგენტოს. ვფიქრობ, უკვე მზად ვიყავი. სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტიც გავაფორმე. ძალიან მომწონს მოდელობა და მიყვარს ჩემი სააგენტო.

დედის და მამის პროფესიებით არ დაინტერესებულხარ?

პატარა რომ ვიყავი, სიმღერა მიყვარდა ძალიან, მაგრამ დიდად სერიოზულად არ მოვეკიდე. მსახიობობაზე კი არასდროს მიფიქრია.

მოდელობა გულისხმობს სამსახიობო ნიჭსაც… მამას ხომ არ გაუზიარებია რაიმე შენთვის ამ კუთხით?

არა, არასდროს არ გვქონია განხილვა, რომ რაიმე, როგორც მსახიობისთვის ესწავლებინა. მას დავხმარებივარ, როცა ინგლისურენოვანი სცენარი ჰქონია…

თამთა, გინდოდა, რომ ლიზას მოდელობა აერჩია?

რატომაც არა, აქვს საინტერესო გარეგნობა და მონაცემები. სადაც უნდა წასვლა სასწავლებლად, იმ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც მე ვიცი. ჯერ პატარაა, ველოდებით, როდის გახდება 16 წლის, რადგან სხვანაირად კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია. ჯერჯერობით ასაკობრივი შეზღუდვაა, მაგრამ ლიზას კარიერის განვითარებაზე მუდმივად მუშაობენ.

პირველი პროფესიონალური ფოტოები რომ ნახე, რა ემოცია გქონდა?

შვილია და მოგწონს, მაგრამ ხელოვნებასთან დაკავშირებით ბევრ სფეროში ვერკვევი. მინდა, რომ უკეთესი და უკეთესი გამოვიდეს. სულ ვასწავლიდი, რომ დახვეწილიყო ამ მიმართულებით, კამერასა თუ ფოტოაპარატთან მუშაობას. რაც დრო გადიოდა, მეტი პროგრესი ჰქონდა და უფრო იხვეწებოდა, რადგან საკუთარ თავზე მუშაობდა.

არასდროს კამათობთ?

ერთადერთი იმაზე, რომ მე ვარ ძალიან მოწესრიგებული, მიყვარს დალაგება და სისუფთავე, ლიზა ქაოსური ტიპია და ასეთ რაღაცებს არ აქცევს ყურადღებას. მე მივყვები და რასაც ანგრევს, ყველაფერს ვასწორებ, ვალაგებ. საჭმელიც ლოგინში მიმაქვს. იცი, რას ვფიქრობ? ბავშვი სანამ მარტო ცხოვრებას არ დაიწყებს და სანამ მშობელს შეუძლია, ის გაათამამოს, უნდა გაათამამოს, მოემსახუროს, ასე ვთქვათ. არ ვთხოვ, რომ გარეცხოს და იატაკი მოწმინდოს. სადამდეც შევძლებ, ჩემს შვილს ყოველთვის მოვემსახურები.

ძალიან ლოიალური დედა ყოფილხარ…

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრი ვარ, მაგრამ ეს სიმკაცრე გრძელდებოდა 7-8 წლამდე, როდესაც თვისებები უნდა ჩამოყალიბებულიყო, 9 წლიდან კი დამოკიდებულება შევცვალე.

მარტო შვილის გაზრდა არ გაგიჭირდა?

ძალიან რთული იყო, ამდენი წლის განმავლობაში, სანამ გაიზრდებოდა, მისი მარტო აღზრდა. კვირაში ორჯერ მამასა და ბებია-ბაბუასთან ყოველთვის იყო, მაგრამ ყოველდღიური საზრუნავი, ყველაფერი, ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველანაირი გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, ყველა პასუხისმგებლობა შენზეა, ამიტომაც ვიტყვი, რომ ბავშვის მარტო გაზრდა ძალიან რთულია. გინდა, შენი შვილი საუკეთესო იყოს, არ დააკლდეს მამა… ლიზას არ უცხოვრია მამისა და დედის გარემოცვაში… ჯაბა ძალიან უყვარს, მგონი, ჩემზე მეტადაც (იცინის). რეალურად თუ ვიტყვით, ზუსტად ერთნაირად ვუყვარვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან უფრო მეტი დრო აქვს გატარებული, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში მამასთან ძალიან ხშირად არის, დიდი მეგობრები არიან და მგონი, ლიზა უფრო გახსნილია მამასთან, ვიდრე ჩემთან. ჩემთან რაღაცები ერიდება, ჯაბა კი ძალიან თავისუფალი აზროვნებისაა, მე კი ცოტა აზიატი ვარ, ეს არ შეიძლება და ის არ შეიძლება-მეთქი, ვეუბნები. ჯაბა ეუბნება, რაც გინდა, ის გააკეთეო, ეს ყველა ბავშვს მოსწონს. მე კი დღემდე დავდევ კოვზით, ეს ჭამე, ის ჭამე… ჩემგან მაინც აქვს შეზღუდვები და მოთხოვნები…

შეიძლება ითქვას, რომ ლიზას გარშემო ბრუნავს შენი სამყარო…

კი, ნამდვილად ასეა… პირველ რიგში, ჩემთვის ჩემი შვილია, ყველაფერია ჩემთვის… ყველაფერს დავთმობ და ყოველთვის ვთმობდი. ლიზა ძალიან ჭკვიანია და ყოველთვის მესაუბრება. ბევრ რამეში დამხმარებია. ბევრი წელი არ ვმუშაობდი, სიმღერას თუ არ ჩავთვლით… წლების წინ ლიზამ მითხრა, არ არის საჭირო მსხვერპლშეწირვა, იმუშავე და საკუთარ თავს დრო დაუთმეო. ბოლო წლებია, ვმუშაობ.

ლიზა:

დედას ყველაფერში ვეთანხმები, რაც თქვა. დედა და მამა ზუსტად ერთნაირად არ მიყვარს, ამას ვერ იტყვი, სხვადასხვანაირი სიყვარულია და ამის შედარება არ შეიძლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეზე მეტად მიყვარს.

როცა დადგება საზღვარგარეთ გამგზავრების დრო, დამოუკიდებლობას შეძლებ მას შემდეგ, რაც თამთამ გაგვანდო?

კარგი შეკითხვაა, რადგან ძალიან დამოკიდებული გავიზარდე. დედა ზედმეტად მედგა გვერდში. დამოუკიდებლობის მომენტი ბევრჯერ არ მქონია. ბოლო ერთი წელია, წელიწადნახევარია, ვცდილობ, ამას თავი დავაღწიო და დედასაც ვაჩვევ, რომ უფრო დამოუკიდებელი ვარ. ვიცი, რომ წავალ, ასეთი ფუფუნება აღარ მექნება.

და ძალიან მოგენატრება, ხომ?

სიმართლე გითხრათ, დამოუკიდებლობა უფრო მომეწონება…

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები