LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამშრომლების ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს – სასწრაფო დახმარების ცენტრი თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

80
სასწრაფო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ექიმების, ექთნებისა და მძღოლების დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, აქციაზე გაჟღერებული ბრალდება, რომ ხელფასი შეუმცირდათ, სიმართლეს არ შეესაბამება და მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნებს.

ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ – აქცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან

ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები იქნა მოსმენილი და გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ.

სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე) რაც მათ პროდუქტიულობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება.

სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარს, ექიმის 1700 ლარს, ექთნის 1300 ლარს, მძღოლის 1200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24 საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10 % -ით გაეზარდათ ხელფასები.

ასევე, მიმდინარეობს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა.

მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გაცემა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის გააგრძელოს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რათა საქართველოს მოქალაქეთა და ცენტრის თანამშრომელთა საუკეთესო ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.“. – აღნიშნულია გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები