21 აგვისტოს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადების“ რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მთავარმა დირიჟორმა, ვახტანგ მაჭავარიანმა უხელმძღვანელა. რეპეტიციას დაესწრნენ „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ისაკაძე, კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“, მუსიკოსი სანდრო ნებიერიძე.

წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.

„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა და გიორგი ისაკაძეების მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).

 

გიორგი ისაკაძე:
ფესტივალისთვის მიმდინარეობს რეპეტიციები. ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ფესტივალი მუდამ განსხვავდება ხოლმე წინასგან. წელს შესრულდება მსოფლიო მუსიკალური ლიტერატურის მარაგლიტები, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი კომპოზიტორების რეპერტუარიდან. ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიო ვარსკვლავები. მოხარული ვარ, რომ წელს შემოგვიერთდება ამომავალი ვარსკვლავი სანდრო ნებიერიძე, რომელიც შოსტაკვიჩის პირველ კონცერტს შეასრულებს ფესტივალის გახსნაზე, ბათუმში. რამდენიმე ღონისძიება გაიმართება ბათუმში, ხოლო ორი დღის განმავლობაში „ღამის სერენადები“ თბილისში გაიმართება.

 

ვახტანგ მაჭავარიანი:
ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა, ვარ ფესტივალის მთავარი დირიჟორი. მახარებს მონაწილეობა პირველ რიგში იმიტომ, რომ ლიანა ისაკაძის დაფუძნებულია. მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ჩემი პირველი გამოსვლები სწორედ ლიანას უკავშირდება. გარდა ამისა, ის გახლავთ ჩემი შვილის ნათლია და ძალიან მიყვარს, ვეთაყვანები მის ნიჭს (იღიმის).
რაც შეეხება ფესტივალის პროგრამას, აქ შევიდა ნაწარმოები, რომელიც პირველად გაიჟღერებს საქართველოში. პროგრამა ზოგადად მრავალფეროვანია. მახარებს სანდრო ნებიერიძესთან ტანდემიც. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი საინტერესო თანამშრომლობა გველის.


სანდრო ნებიერიძე:

მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მეძლევა ამ ნაწარმოების შესრულების შესაძლებლობა. მახარებს ისიც, რომ ბათუმში ჩავდივარ და იქაურ მსმენელს შევხვდები. შოსტაკოვიჩის პირველი საფორტეპიანო კონცერტი ორი წლის წინ მქონდა მომზადებული და უნდა შემესრულებინა მოსკოვში, მაგრამ ვერ მოხერხდა. ბატონმა ვახტანგმა საკუთარი ინიციატივით შემომთავაზა ამ კონცერტის შესრულება და ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება.

 

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.
2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალს„ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია – „არტ ალიანსი“.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.
პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია”, “არომატეკა”, „პალმა აპარტამენტი“.
პროექტის მედიამხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეოპორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

www.tkt.ge

მსგავსი თემები