LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

145
saqalaqosasmartlo

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 4 ივნისს ეთერში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც მოყვანილი იყო არასწორი ინფორმაცია შ.ჯ.-ს მიერ ჩადენილი შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გამო, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

„უნდა აღნიშნოს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მოყვანილი ფაქტები წარმოადგენს რეალობის მორიგი, განზრახი დამახინჯების მცდელობას, რაც ემსახურება სასამართლოს დისკრედიტაციას.

2022 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა და ითხოვა ბრალდებულ შ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

ბრალდებულ შ.ჯ.-ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე), ორი ეპიზოდი.

საქმის მასალების მიხედვით შ.ჯ.-მ 2022 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 07:50 საათზე ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარედ განთავსებული შპს „ბუბუს“ კუთვნილი ჯიხურის მინა დააზიანა, საიდანაც აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ბუბუ“-ს კუთვნილ 03 (სამი) ბოთლს ალკოჰოლურ სასმელს და გაიქცა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2022 წლის 01 ივნისს დაახლოებით 08:30 საათზე, შ.ჯ.-მ ქ.თბილისში, მიცკევიჩის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.ბ.-ს პერანგის ჯიბეში ჩაუყო ხელი და აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოაცალა კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და გაიქცა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია, როგორც საპროცესო ისე საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულ შ.ჯ.-ს ბრალი ედება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ორი ეპიზოდის შესაძლო ჩადენაში, ამასთან როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ განმარტა, ბრალდებულს აქვს ფსიქიკური პრობლემები და არ ახსოვს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. ხოლო პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებული შ.ჯ. დროებითი მოთავსების იზოლატორში გახდა აგრესიული, რის გამოც გადაყვანილი იქნა „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“.

ყოველივე აღნიშნული იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებში ბრალდებული განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური საფუძვლები, რის გამოც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები