LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიმართება

190
tbilisiennale

2020 წლის 18-28 ოქტომბერს ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის – საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე.

ბიენალეს ფარგლებში გაიმართება:

1. საერთაშორისო გამოფენა, რომელიც შედგება ორი – პროფესიონალური და სტუდენტური სექციისაგან. საქართველო წარმოდგენილი იქნება 2019 წელს პრაღის საერთაშორისო კვადრიენალეზე PQ19 წარმოდგენილი ნაციონალური პავილიონის ნაწილით (ქართველი რეჟისორების-დავით დოიაშვილის, დათა თავაძის, ნიკოლოზ საბაშვილის, გურამ მაცხონაშვილის – სცენოგრაფიული ნამუშევრებით) და რუსთაველის თეატრის გოგი მესხიშვილის თეატრალური მხატვრობის სკოლის ინსტალაციით, რომელმაც სტუდენტურ სექციაში ოქროს მედალი მიიღო.

2. Masters’Lab-ი – ლაბორატორია ოსტატებთან. ბიენალეს საგანმანათლებლო პროგრამა „Masters’ Lab“-ის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები ბრაზილიიდან, იტალიიდან, სერბიიდან, რუსეთიდან ჩაატარებენ online ლექციებს და მასტერკლასებს, თეატრისა და კინოს სცენოგრაფიის, საკურატორო საქმის, ხმის დიზაინის, ვიდეო და მულტიმედია არტის დარგებში.

3. „სცენოგრაფიის საერთაშორისო სიმპოზიუმი“ წარმოადგენს საერთო ონლაინ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაცია OISTAT-სცენოგრაფების, თეატრის არქიტექტორთა და ტექნიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით. 3 დღის განმავლობაში სიმპოზიუმი, სცენოგრაფთა საერთაშორისო ქსელის OISTAT-ის კვლევითი კომისიის თავმჯდომარის, პროფესორ ქეით ბარნეტის ხელმძღვანელობით გააერთიანებს პრაქტიკოსებსა და თეორეტიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ბიენალეს მიზანია ქვეყანაში ახალი, საერთაშორისო ფესტივალის დამკვიდრება, რომელიც ერთი მხრივ, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს კულტურას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდა სცენოგრაფების პროფესიულ განვითარებას, ვიზუალური და თეატრალური ხელოვნებების დარგებში, ისე თანამედროვე ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, საერთაშორისო პარტნიორობის და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ინტერკულტურულ დიალოგს, დარგის და უშუალოდ, თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. ბიენალე გახდება ხელშემწყობი ფაქტორი და საფუძველი თანამედროვე პროფესიების – განათების დიზაინის, ხმის დიზაინის, მულტიმედიური სცენოგრაფიის განვითარებისა და ახალი მეთოდოლოგიების შესწავლისა საქართველოში.

საერთაშორისო ბიენალეს მონაწილეთა შორის არიან პროფესიონალები და სტუდენტები საქართველოდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, კანადიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, ბრაზილიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და უნგრეთიდან.
პროექტის მხარდაჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები