LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისობა წელს 24 ოქტომბერს გაიმართება: კონცერტს მაყურებელი პირდაპირი ეთერის საშუალებით იხილავს

85
5c524010f403cd1cd96d959f003473c7-XL

თბილისის მერია 2021 წელს მოსახლეობას „თბილისობის” ღონისძიებას დისტანციური სახით შესთავაზებს. შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა 30 სექტემბერს გამოსცა. ღონისძიებისთვის საჭირო ხარჯებს თბილისის მერია ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გასწევს, რისთვისაც დედაქალაქის მერიამ მთავრობის ადმინისტრაციისგან შესაბამისი თანხმობა უკვე მიიღო. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წლის 24 ოქტომბერს „თბილისობა 2021“-ის გამართვას გეგმავს. დედაქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად, საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მოეწყობა.

2021 წლის 24 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საზეიმო კონცერტი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩატარდება, რომლის ნახვა მაყურებელს პირდაპირი ეთერის საშუალებით შეეძლება.

საზეიმო კონცერტის ძირითადი იდეა იმ ადამიანების გახსენებაა, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვეს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე. კონცერტის პროგრამა მოიცავს თბილისისადმი მიძღვნილი, საზოგადოებისთვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერების ახლებურად არანჟირებულ ვერსიებს. მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტის ოფიციალური ნაწილი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. აღნიშნულ ლოკაციაზე ათი კომპოზიცია შესრულდება, დანარჩენი მუსიკალური ნომრები, ჩართვების სახით გაჟღერდება დედაქალაქის სხვადასხვა უბნიდან. თბილისის უბნებში, ძირითადად პარკებსა და სკვერებში, მოეწყობა მცირე სცენები. ყოველი უბნიდან ჩაერთვებიან წამყვანები, რომლებიც მოკლედ წარადგენენ უბანს, მუსიკალურ ნომერს და შემსრულებელს. ყველა უბანში თითო კომპოზიცია შესრულდება, გარდა ძირითადი სცენისა.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ 20-მდე სოლო შემსრულებელი, ორკესტრი, მუსიკალური ბენდები და ანსამბლები”, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისობა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატით გაიმართებოდა, სადღესასწაულო ღონისძიებების გარეშე, როგორც შარშან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები