თავისუფლების მოედნის, სოლოლაკისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი ორსექციანი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო.

თავისუფლების მოედნის სადგური ახალი სასტუმროს თავზე უკვე მონტაჟდება. მშენებლობა, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ფონდში აღნიშნავენ, რომ საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 8 ადგილიანი 34 გონდოლა, რომლებიც სააათში 1 000 ადამიანის გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

როგორც „ფორტუნას“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს, ეკოლოგიურად სუფთა, სატრანსპორტო საშუალება სათავეს აიღებს თავისუფლების მოედანთან მდებარე უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“-ის სასტუმროდან, რომელიც დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის მასშტაბურ პროექტს და ბოლოს დაუკავშირდება თაბორის ქედზე არსებულ სასტუმროსა და გოლფ კლუბს.

სრული პროექტის დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr), ხოლო სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს ავსტრიული კომპანია „არ-ემ-ესი“ (RMS).  პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარს აღემატება.  ამჟამად, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი.

„სწორედ ამ პროექტის მეშვეობით, საქართველო იქნება რიგით მეორე ქვეყანა, სადაც განთავსდება შენობაში ინტეგრირებული საბაგიროს სადგური. პირველად, მსგავსი პროექტი კომპანია „დოპელმეიერმა“ ჩინეთში, კერძოდ მაკაოს რეგიონში განახორციელა,“ – აღნიშნავენ ფონდში.

მშენებლობას საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს.

ფოტოების ავტორი: ირაკლი ჟოჟუაშვილი

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები