საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი 17 ნოემბერს გაიხსნა.

​წიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში.

​მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა, როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით.

როგორც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:

1) იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.;

2) „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე;

3) ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;

4) ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით. “ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის – ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი. ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“. ფონდის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჯერ კიდევ წლების წინათ, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის მიერ გამოთქმული იდეის განხორციელება. საქართველოში წიგნის მუზეუმის მოწყობა სწორედ მისი ჩანაფიქრი იყო. საქართველოში პირველი და რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, რომლის ფონდიც 19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია”, – აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05