LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედიის 102 წუთი – ტერაქტი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

283
13 rr

2001 წლის 11-მა სექტემბერმა მსოფლიო შეცვალა. ამბობენ, მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო. ტრაგედიაზე საუბარი ძნელია ემოციების გარეშე.

19 წლის წინ სამშაბათ დილას, მანჰეტენზე ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იწყებოდა.

“ალ-ქაიდას” 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა “ამერიკული ავიახაზების” 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. დღემდე არ არის ცნობილი, ამ თვითმფრინავს ტერორისტები რომელ შენობაზე თავდასხმისთვის ამზადებდნენ. ამბობენ, რომ ტერორისტების გეგმები მგზავრებმა შეაცვლევინეს. მეორე თვითმფრინავი დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი – ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენებს დაეჯახა.

ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

11 სექტემბრის ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი და 60 პოლიციელი.

დაღუპულად ითვლება ასევე 19 ტერორისტი, რომელთაგან 15 საუდის არაბეთის, ორი არაბთა გაერთიანებული საემიროების, ერთი ეგვიპტისა და ერთიც ლიბანის მოქალაქე იყო.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ 11 სექტემბრის ტერაქტს შურისძიება უწოდა ამერიკის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც ისლამური ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული.

11 სექტემბრის შემდეგ „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა.

საოცარია, მაგრამ  5 ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრული საქმის არსებითი განხილვა 2021 წლის 11 იანვარს დაიწყება. მათ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი 20 წლის მერე მოეთხოვებათ.

ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორს – ხალიდ შეიხ მუჰამედს და მის ოთხ თანამზრახველს ბრალი სამხედრო დანაშაულში ედებათ.

ბრალდების მტკიცებით, მათ ტერაქტები დაგეგმეს და 4 „ბოინგის“ 19 გამტაცებელს მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე დაკავებულს სიკვდილით დასჯა ელის.

ხუთივე სამართალდამცველებმა 2002-2003 წლებში პაკისტანში დააკავეს.

ამერიკელები ხშირად წუხან იმის გამო, რომ შემოდგომა ნიუ-იორკში წვიმიანია. თუმცა, 19 წლის წინ, 11 სექტემბერს მზიანი დილა გათენდა. მანჰეტენზე ხალხმრავლობა იყო. მაშინ იქ მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ის დღე აშშ-ის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ დღედ იქცეოდა, 1973 წელს აშენებული 107-სართულიანი ტყუპი ცათამბრჯენისგან კი აღარაფერი დარჩებოდა მტვრისა და ნგრევის საზარელი კადრების გარდა.

 

დღეს მანჰეტენის სამხრეთით, გრინვიჩის ქუჩაზე, სადაც 19 წლის წინ მსოფლიოს ყველაზე დაცულ მეგაპოლისში ორი ცათამბრჯენი ნანგრევებად იქცა, შავი მარმარილოს მემორიალი დგას.

კედლებზე იმ 2977 ადამიანის სახელია ამოტვიფრული, ვინც 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები