“გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში, გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი.” – ამის შესახებ აღნიშნულია “ქართული ოცნების” მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, რომელშიც პარტია ადასტურებს, რომ მზად არის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს.
მიმართვის იმ ნაწილში, რომელშიც საუბარია “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელის, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს, პარტია საკუთარ კრიტიკულ პოზიციას არ დაფიქსირებს:
“გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს.” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. სწორედ რურუაა ერთ-ერთი, რომლის გათავისუფლებსაც ითხოვდა ოპოზიცია სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად.
დღეს კი “ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია მზადაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებული ვერსიაც განიხილოს.