ჩვენ თუ გვინდა, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, პირველ რიგში, მიკროეკონომიკური თვალსაზრისით, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, სხვანაირად ბევრ სხვა მრჩეველს ვნახავთ, იქნება პატარა ინვესტიციები მოზიდული, მაგრამ თავიანთი აქტივების 90%-ი უცხოეთში დარჩება და არა საქართველოში, – ასე გამოეხმაურა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ანალიტოკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე პრემიერის მიერ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველის დანიშვნას.

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დღეს პრობლემა საქართველოს არასრულყოფილ ეკონომიკურ კანონმდებლობაშია და იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახდინოს ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების გზით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები.

ინვესტიციების დარგში მრჩეველი არახალია. მე შევხვედრილვარ ბევრ მათგანს, მათ შორის მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს. ყველა ეს მრჩეველი იმისთვის იყო, რომ საქართველოში ინვესტიციები მოეზიდათ, მაგრამ ისინი ყველანი მუშაობენ მაკროეკონომიკურ დონეზე. პრობლემა კი საქართველოს არასრულყოფილი ეკონომიკური კანონმდებლობაა, რომელიც არ აძლევს ქართულ ბაზარზე უცხოურ კომპანიას თავისი აქტივების კაპიტალიზაციის განხორციელებას საქართველოში.

საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს ფუძემდებლურ ეკონომიკურ ინსტრუმენტებს, ისეთებს როგორიც არის ფიუჩერსული კონტრაქტი, წინმსწრები კონტრაქტი და ა.შ.

საქართველოს კანონმდებლობაში ეს ინსტრუმენტები უბრალოდ გაწერილი არ არის. ამიტომ, ყველა კომპანია მათ შორის ქართული კომპანიებიც იძულებულები არიან აქტივების კაპიტალიზაციისთვის წავიდნენ საზღვარგარეთ.

გახსოვთ, ალბათ, საქართველოს, თიბისის ბანკისა და საქართველოს რკინიგზის მაგალითი. იმის მაგივრად, რომ ფული საქართველოში დარჩეს, ისინი იძულებულები არიან წავიდნენ უცხოურ ვალუტაში. ამავე დროს, შესაძლებლობას არ აძლევენ საქართველოს მოსახლეობას კაპიტალურ ბაზარზე ათამაშონ და იძულებულს ხდიან კრიპტოვალუტა იყიდონ.

პირველ რიგში, მიკროეკონომიკური თვალსაზრისით, კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. ეს არ არის რთული, რამდენიმე მუხლი უნდა დაემატოს და შემოღებულ იქნეს ასევე, რამდენიმე ძირითადი ცნება. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი ეკონომიკა ამუშავდეს, პირველი ეს უნდა გაკეთდეს, სხვანაირად ბევრ სხვა მრჩეველს ვანხავთ, იქნება პატარა ინვესტიციები მოზიდული ვთქვათ, ტურიზმსა და ბევრ სხვა სექტორში, მაგრამ ისინი თავისი ფულის კაპიტალიზაციას უცხოეთში განახორციელებენ და თავიანთი აქტივების 90%-ი უცხოეთში დარჩება და არა საქართველოში”. – განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ “ფორტუნასთან”.

შეგახსნებეთ, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების  მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. ამ საკითხში მას დახმარებას ვაზილ ჰუდაკი გაუწევს.

ვაზილ ჰუდაკი აქამდე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა. ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად სლოვაკეთში. გუშინ კი ის მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინეს.

 

 

მსგავსი თემები