LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დააბრუნეს პარლამენტში ერთი წლის წინ გაწვეული კანონპროექტი? – დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ მმართველ გუნდს პირობა არ დაურღვევია

139
დავთ მათიკაშვილი

„მმართველ გუნდს პირობა არ დაურღვევია“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატმა გადაცემში „დღის თემა“ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მმართველმა გუნდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ ინიცირება გადაწყვიტა.

მათიკაშვილმა თქვა, რომ ერთი წლის წინ კანონპოროექტის გაწვევასთან ერთად მათ მესამე სექტორთან და დონორებთან შემხვედრი პირობა ჰქონდათ, რომელიც არ შესრულდა.

„ჩვენ შემხვედრი პირობა გვქონდა მაშინ, როდესაც სრული დეზინფორმაციული წიაღსვლებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეძლო რადიკალურმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა. ქართულ და ამერიკულ კანონს რუსული კლიშე მიაწებეს. შემდგომ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი არეულობა არ მომხდარიყო, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დამდგარიყო საფრთხის ქვეშ, ისევე როგორც ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ამ კანონპროექტის გაწვევასთან ერთად ჩვენ მივიღეთ პირობა მესამე სექტორისგან, დონორებისგან, რომ იქნებოდა მეტად გამჭვირვალე ეს სექტორი, რომ ისინი გამოააშკარავებდნენ ხარჯებს.  აქედან არაფერი შესრულებულა. პირიქით, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ არათუ გამჭვირვალე ხდება ამ სექტორის დაფინანსება, არამედ პირიქით“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა პირდაპირ ეთერში.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების კრიტიკასაც გამოეხმაურა და ისინი ოდიოზურ ფიგურებად მოიხსენია.

„ეს არის ის ორგანო, სადაც არიან, როგორც საქართველოს მხარდამჭერები ასევე პირები, რომლებსაც საქართველოდან „ნაციონალური მოძრაობა“ აქვთ ამოჩემებული და არიან მათი მხარდამჭერები და არა საქართველოს მხარდამჭერები. ასეთი ოდიოზური ფიგურებისგან მსგავსი სახის გამონათქვამები არის სრულიად მიუღებელი,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები