LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვიით გაჯერებული ქართული საკვები – გამოკვლეულ ნიადაგებში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების ნიადაგების უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა გამოვლინდა.

აბაშა, ბათუმი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ბოლნისი – ამ ქალაქებში, რამდენიმე ადგილიდან აღებული ნიმუშებიდან უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება.

განსაკუთრებით პრობლემურია, ბოლნისის რაიონი და სენაკი.

სენაკში კვლევისთვის 5 ნიმუში აიღეს, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება ყველა შემთხვევაში დაფიქსირდა. (კერძოდ, ქალაქის ხიდთან, რუსთაველის ქ. #113; კოსტავას ქ,#39 I სკოლასთან; პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან; სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.)

ბოლნისის რაიონში კი, ტყვია ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი, სამთომომპოვებელი კომპანიის RMG-ს მიმდებარე სოფლებში გვხვდება, რომლებიც მისგან 0-10 კმ რადიუსით არიან დაცილებული.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ტყვია განიცდის მიგრაციას ნიადაგში და საბოლოო ჯამში ადამიანის ორგანიზმში ხდება მისი დაგროვება. ამიტომ, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ტყვიის მატების მაღალი ტენდენციაა, რაც გამოწვეულია კომპანია RMG-ის სამთო მოპოვებითი საქმიანობით.

2014 და 2017 წლების მონაცემები, საიდანაც ნათლად ჩანს ტყვიის კონცენტრაციის მკვეთრი მატება ამ სოფლების ნიადაგებში.

 

აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობა ნიადაგში დასაშვებ ნორმას არ აღემატება წყალტუბოში და ფოთში, თუმცა ამ უკანასკნელში, ტყვია ნიადაგში დასაშვები ნორმის ზღვარზეა.

 

სურსათი

თუ ნიადაგი ტყვიითაა გაჯერებული, ეს იმას ნიშნავს, რომ რა პროდუქტიც ნიადაგიდან მოიპოვება, ტყვია მასშიცაა.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე აღებული სასურსათო პროდუქციის ნიმუშების 2,38% არის ტყვიით დაბინძურებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, ასეთი შემთხვევები მრავლდება.

2016 წელს აღებული იქნა 637 ნიმუში, სადაც 48 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, სასმელ წყალში-ჭიათურის რაიონი სოფელი ხალიფაური, საქონლის ხორცი 43 შემთხვევა, ფრინველის ხორცი 1 შემთხვევა, ღორის ხორცი 1 შემთხვევა, რძე 2 შემთხვევა;

2017 წელს 11 ივლისის მონაცემებით, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულ იქნა 174 ნიმუში, აქედან დარღვევა დაფიქსირდა 4 შემთხვევაში, კერძოდ კი, სუნელებში.

კვლევის ფარგლებში, სოფელ ბალიჭის ნიადაგებში მძიმე ლითონთა შემცველობა გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ ამ სოფელში ტყვიის კონცენტრაცია ნიადაგებში მნიშვნელოვნად აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.

ამავე სოფელში ჩატარდა ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც შაქრის ჭარხალში მძიმე ლითონების ათვისების უნარიანობა გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან მიმართებაში, შაქრის ჭარხალი ნიადაგიდან ტყვიას შეითვისებს საკმაოდ დიდი რაოდენობით.

საკონტროლო შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია 30,9-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (ზდკ 0,1 მგ/კგ), ბიორაგით დამუშავებულ შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია 34,16-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ხოლო ბიოსტიმულატორ ლინგოჰუმატში დამუშავებულ შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებს 44,75-ჯერ აღემატება.

ცნობისთვის, სოფელ ბალიჭში, სადაც კვლევა განხორციელდა, ცხოვრობს 300 (სამასი) ოჯახი, სულადობრივი რაოდენობა კი, დაახლოებით 1200 (ათას ორასი) ადამიანს შეადგენს.

საქართველოს მოსახლეობა ექვემდებარება ტყვიის მაღალ ექსპოზიციას

ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩატარებული კვლევები ანალიზისთვის არასაკმარისია, თუმცა შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ტყვიის მაღალ ექსპოზიციას ექვემდებარება.

„არსებული ადგილობრივი, ძალზედ მწირი მონაცემებისა და სხვა ქვეყნების მონაცემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ექვემდებარება ტყვიის მაღალ ექსპოზიციას, თუმცა საქართველოში ტყვიის ზემოქმედების წყაროებისა და გზების დადგენა გაძნელებულია შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო. ამდენად, რთულია შეფასდეს საქართველოში არსებულ სურსათში ტყვიით დაბინძურების სრული სურათი და მისი ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების ალბათობა და სიმძიმე,“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

კვლევის ავტორები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, ტყვიის შემცველობის დადგენაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და 20-40 წლამდე ქალებში (სავალდებულო კვლევა ფეხმძიმე ქალებში, ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში) სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენაზე სისტემატიური კვლევები ჩატარდეს. ასევე, ხშირი მოხმარების პროდუქტებზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდეს.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები