LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფლებამოსილებების უკონტროლოდ განხორციელება და კორუფციის რისკები – TI-ის ანაგარიში სასამართლო სისტემაზე

68

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების უკონტროლოდ განხორციელება იწვევს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არაფორმალური გავლენების ზრდას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს კორუფციის რისკების გაღრმავებას, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი აგრძელებს ფართო ადმინისტრაციული და მენეჯერული უფლებამოსილებების გამოყენებას ისე, რომ პროცესი რჩება ანგარიშვალდებულების არსებული მექანიზმებისა თუ სასამართლო კონტროლის მიღმა.

კვლევის მიგნებებით, მოსამართლეთა ამ ჯგუფის ძალაუფლება იმდენად ფართოა, რომ მას გავლენის მოხდენა შეუძლია არა მხოლოდ ცალკეული საქმეების შედეგებზე, არამედ, ასევე, სასამართლო სისტემის ადმინისტრირების უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე, ( როგორიცაა: მოსამართლეთა დანიშვნა, დაწინაურება და გათავისუფლება, საბიუჯეტო კონტროლი, საქმისწარმოება და საქმეთა განაწილება).

ანგარიშის თანახმად, მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი რეგულირება ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და ქრონიზმის რისკებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ბევრ ხარვეზიან და ბუნდოვან დანაწესს შეიცავს. პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნია გაუმართლებლად ფართო დისკრეცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, რაც, მათ შორის, გულისხმობს გადამეტებულ უფლებამოსილებებს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეობის კანდიდატების – მსმენელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არ არის უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციონალური და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, რის შედეგადაც საბჭო სრულად აკონტროლებს სასამართლო სისტემაში ახალი კადრების მიღებას და აქვს ამ პროცესით მანიპულირების შესაძლებლობა. ამას ემატება ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული დაასაბუთოს მოსამართლეთა დანიშვნის გადაწყვეტილებები, ხოლო მოსამართლეთა კენჭისყრის პრინციპით დანიშვნა საბჭოს შესაძლებლობას აძლევს, არ დანიშნოს მაღალი ქულების მქონე კანდიდატები. დამატებით, საბჭომ მიიღო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კანდიდატებთან ჩატარებულ ინტერვიუებზე არ დაიშვებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ხოლო გასაუბრების ოქმები და კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელა არ არის საჯარო მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შემდეგაც კი. დანიშვნის პროცესის ამგვარი გაუმჭვირვალე პროცედურები ამცირებს საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე 5 წლიანმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დამსახურების ნაცვლად ხშირად ქრონიზმზეა დაფუძნებული. ამასთან, გავლენიანი ჯგუფისადმი ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები, როგორც წესი, მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ინიშნებიან (მათ შორის სააპელაციო ინსტანციაში), ხოლო არსებული სიტუაციისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები სისტემიდან თანდათან იდევნებიან. მსგავსი ვითარება სასამართლო ხელისუფლებაში განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია დასკვნაში.

პოპულალურები