LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნდა დაგაჯეროთ სასწაულების არსებობა” – ქართველი გოგონა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და ბრძოლას განაგრძობს

mariam sirbiladze

დიაგნოზის შესახებ 19 ივლისს გაიგო. მას შემდეგ, სულ ცდილობდა საკუთარი ამბისთვის ისეთი მხარე ეპოვნა, რაზეც მხოლოდ იუმორით დაწერდა. ეს ვერ შეძლო, თუმცა სევდიან ამბებზე დაიწყო ხუმრობა. ხუმრობაც გამოსდის, შიშებისა და ვერაგი დაავადების დამარცხებაც.

მარიამ სირბილაძემ ინვაზიური კარცინომის მესამე ცე სტადია დაამარცხა, 32 ლიმფური მეტასტაზი მისთვის მარტივად დასაძლევი აღმოჩნდა, ქიმიოთერაპია დაასრულა და ამ ეტაპზე ტარგეტულ თერაპიას იტარებს.

მარიამმა მკურნალობა რომში, ევროპის ძუძუს კიბოს კვლევით ლაბორატორიასთან არსებულ ინსტიტუტში ჩაიტარა. დრო, რომელიც მკურნალობაში გაატარა, მას საათებად აქვს დათვლილი.

„ექვს კვირაში ავალაგეთ ყველა მეტასტაზი, 10 კვირაში 25 მილიმეტრიანი სიმსივნური კვანძი დავიყვანეთ 7 მილიმეტრამდე. 30 ოქტომბერს თავიდან შევამოწმეთ ყველაფერი და უკვე მთლიანად გამქრალიყო.

102 დღე და 4 საათი მოვანდომე მესამე ცე სტადიის სიმსივნის დამარცხებას. თუმცა, გადავწყვიტე ქიმიოთერაპიის სრული კურსი არ გამეწყვიტა და ვაგრძელებ. სულ 16 გადასხმა გავიკეთე,“ – ყვება მარიამ სირბილაძე „ფორტუნასთან“.

თმის გადაპარსვა

საკუთარი ნებით თქვა უარი ჩაფხუტით სარგებლობაზე, რომელიც თმის მოლეკულებს ყინავს და მის ცვენას აჩერებს. შესაბამისად, თერაპიას თმის ცვენა მოჰყვა, სოლიდარობის ნიშნად, მარიამმა თავი გადაიპარსა.

„ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი სისუსტეები და ჩემთვის ეს ჩემი თმა იყო.

უარი ვთქვი ჩაფხუტის გამოყენებაზე, ოთხი კვირის წინ. ნელ-ნელა დაიწყო წარბებმა ცვენა, შემდეგ წამწამებმა და ბოლოს თმამაც. შემეძლო შემენარჩუნებინა, მაგრამ ასე გადავწყვიტე.

სულ გადავიპარსე, ჩემი ხელით და გულზე იმხელა ლოდი მომეხსნა. რა დროს ჩაფხუტია, როცა ჩემი ქვეყნის ქალების უმრავლესობას, უბრალოდ საჭირო მედიკამენტებზე არ აქვთ წვდომა. არ იყო მატრაკვეცობის დრო, უბრალოდ არ იყო და როცა ასობით ქალს დავპირდი, რომ ერთი ბრძოლა გვქონდა და ყველას ერთად უნდა მოგვეგო ეს ომი, ეს პირველი იყო, რაც უნდა გამეკეთებინა.

ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, თმის გადაპარსვა ზოგისთვის ალბათ სიგიჟეა, ჩემთვის სიმშვიდე და თანასწორობა!

კიბო განაჩენი არ არის, ის დიაგნოზია. რთულია გზა და დამღლელი, მაგრამ ყველა გზა გადის გზაჯვარედინზე, ყველაფრიდან არის გამოსავალი.

ეს ამბავი ჩემი მეორედ ომში შესვლაა, ოღონდ არა საკუთარში, ჩემსას უკვე მოვრჩი, თქვენს ბრძოლაში ჩაბმაა, ახლა მე ვარ თქვენი ჯარისქალი და ვკადნიერდები, რომ ჩემი გამოცდილებით ვიმსახურებ მთავარსარდლობას, იმიტომ რომ დაგაჯეროთ სასწაულების არსებობის,“ – წერს მარიამი პოსტში, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

 

გადაპარსვის პირველ შეგრძნებებს მარიამი ასე ახასიათებს:

  1.  გცივა გამუდმებით!
  2. თავიდან ყველაფერი ამოგაცალეს და ორი გრამი დაგრჩა
  3. მეზობლებთან კითხვაპასუხების დაგეგმარება გონებაში
  4. აღმოაჩინერომ არც ისე ბრტყელი თავი გაქვს

 

 

რეაქციები, რომლებიც შეგრძენებებზე მეტად შემაწუხებელია

გამოხმაურება თმის გადაპარსვაზე, იმდენად არაერთგვაროვანი იყო, რომ მარიამს კეთილისმსურველებისთვის არა ერთხელ მოუწია განმარტების გაკეთება და მათი დამშვიდება.

„გამოვჯანმრთელდი, ვიტარებ ტარგეტულ თერაპიას, ქიმიოთერაპიას მოვრჩი. ჩემი ნებით ვთქვი უარი ჩაფხუტით სარგებლობაზე, რომელიც ყინავს თმის მოლეკულებს და აჩერებს ცვენას. მინდოდა ამხელა გამარჯვების და ასე იოლად გადატანის შემდეგ, ცოტათი მაინც მეგრძნო, რას განიცდიან ჩემი პრობლემის მქონე ქალები, რომლებსაც სამწუხაროდ, ეს კომფორტი არ აქვთ, რაც მე და კარგავენ თმას. ბოლო ოთხი გადასხმა გავიკეთე ჩაფხუტის გარეშე, რის შემდეგაც დამეწყო ცვენა, გააზრებულად, სოლიდარობის ნიშნად, მერე ავდექი და გადავიპარსე ჩემი ხელით,“ – ამობს მარიამ სირბილაძე და დასძენს, რომ თმის სიყვარულის მიუხედავად, არ ეშინია და მათიც არ ესმის, ვინც ამხნევებს – „ნუ გეშნია ამოგივაო“

ამბობს, რომ სოლიდარობა რაღაც დონემდე კარგია, თუმცა ხშირად არაადეკვატურად ვლინდება.

„ეს არ არის სამწუხარო ამბავი და ამდენი ვაი ვიში, რომ თმა ამომივა და ასე არ დავრჩები საჭირო არ არის, ვიცი ისედაც,“ – ამბობს მარიამი.

ტარგეტული თერაპია, რომელსაც ამჟამად მარიამი გადის, 16 თვის მანძილზე, ყოველ 21-ე დღეს ბიოლოგიური პრეპარატების, ჰერცეპტინის და პერჯეტას ენდოვენურ ინექციებს ითვალისწინებს.

იანვრის ბოლოს, მას ოპერაცია აქვს დაგეგმილი. პრევენციის მიზნით, ორივე ძუძუდან სარძევე ჯირკვლებს ამოიღებს და პარალელურად, მის აღდგენასაც გაუკეთებენ.

რაც შეეხება საქმიანობას, მარიამი იმავე კლინიკაში მუშაობს, სადაც მკურნალობის კურსს გადის. ის პაციენტებთან ურთიერთობის და კომუნიკაციების დეპარტამენტშია კლინიკაში, რომელიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა და რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები