თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებულ მეწყრული პროცესების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლა საკრებულოს წევრების პირდაპირი მოვალეობაა.
შაქარიშვილის განცხადებით, საკრებულოს ურბანული კომისიის ან სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც საკრებულოს დეპუტატების გარდა, დარგის სპეციალისტები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რათა ნათელი გახდეს, მოხდა მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა თუ ეს არის ადამიანების უხეში ჩარევებისა და შეცდომების შედეგი:
“საკრებულო სწორედ ის ორგანოა, რომელმაც სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს ეს საკითხები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ იმ ტერიტორიაზე კერძო კომპანია სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით აწარმოებს. გარდა ამისა, მიმდებარედ, სხვა კერძო კომპანია, ასევე აშენებს მასშტაბურ შენობა-ნაგებობებს.
საკითხი იმის შესახებ, ხომ არ უკავშირდება მომხდარი რომელიმე ამ პროექტს – შესწავლას საჭიროებს, იმისათვის, რომ ამ ქალაქში – კერძო კომპანია იქნება ეს თუ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახური – გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში დაზიანებულზე, გაფუჭებულზე და საფრთხის შექმნაზე ვიღაც იყოს პასუხისმგებელი.” – განაცხადა შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის შემოვლით გზაზე, მაჭავარიანის ქუჩის ფერდობზე, მეწყერის საშიშროების მასშტაბების შესაძლო მომატების გამო, გეოლოგები ფერდობის სრული კვლევისთვის შესაბამის ნებართვას ითხოვენ.
დედაქალაქის მერიაში კი ამბობენ, რომ კვლევის ეტაპზე არიან და მიმდინარე, საგზაო სამუშაოები მეწყრულ პროცესზე ზემოქმედებას არ მოახდენს.