LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურნის თავზე დამხობის ერთი წლის თავზე გიგა მაქარაშვილმა გორის მერიასთან აქცია გამართა

246
8D4D84A3-E5D0-4168-B059-A1E74D9A6B81-cx0-cy11-cw0-w1023-r1-s

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეები მერიის შენობის წინ რუპორებით მივიდნენ და საყვირებითა და სიგნალებით გორის მერის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს. მათ მერიის შენობაზე სტიკერები წარწერით “სირცხვილია” გააკრეს.

გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ზუსტად ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც გორის მერიის წარმომადგენელმა მას ნაგვის ურნა ჩამოაცვა თავზე. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გაჭიანურებულად მიმდინარეობს.

შემთხვევა 2018 წლის 10 ოქტომბერს გორში მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს  გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადება, თითქოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის მონაწილეები მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. მათ აქცია-პერფორმანსის დროს შენობის წინ ფუნა და ხორბალი დაყარეს. აქციის დასრულების შემდეგ, როცა შეკრებილები ტერიტორიას ასუფთავებდნენ, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გიგა მაქარაშვილს გორის მერიის წარმომადგენელმა, თემურ მანველიშვილმა ფუნით და საკენკით სავსე ურნა თავზე ჩამოაცვა.

გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა უფლებადამცველები საქმის არაადამიანური მოპყრობის მუხლით წარმართვას მოითხოვდნენ. პროკურატურამ გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა საქმეს კვალიფიკაცია არ შეცვლილა.

გასული წლის ნოემბერში გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის ადმინისტრაციის უფროს თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა.

გიგა მაქარაშვილის თქმით, პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო

გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით წაუყენეს. რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.