LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსამართლობა თავიდან მიცოცხლებს 16 წლის წინანდელ ჭრილობებს! – რას ყვება ანა ნაცვლიშვილი

1385
nacvlishvili

საია–ს ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმიანება და 16 წლის წინანდელ ისტორიას ყვება, რომელიც მის ოჯახს შეეხება.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, სრულიად უსაფუძვლოდ წაუყენეს ბრალი მამამისს. როგორც ის აღნიშნავს, “ქართულ ოცნებას” არ აქვს არგუმენტები იმ სიმართლის საწინააღმდეგოდ, რაზეც ის საუბრობს და ამიტომაც აკერებს მას “ნაცის” იარლიყს.

“არის თემები, რაზეც საუბარი საჯაროდ არ გვინდა, მაგრამ არის გარემოებები, როდესაც დუმილი არასწორი ხდება.

ახლა მოვყვები იმას, რაც ალბათ ბევრმა არ იცით და გაგაკვირვებთ.
მადლობა ინსპირაციისთვის “ქართულ ოცნებას”, რომელმაც არ დაასრულა ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის „ნაცის“ იარლიკის მოკერება! (კი გაგაფრთხილეთ რამდენჯერმე, ნუ იქცეოდით ასე).

მე ვარ რეპრესირებული ოჯახიდან. აი ახლა რასაც შერჩევით სამართალს და პოლიტიკურ პატიმრებს ვეძახით, ეს არის მამაჩემის საქმე. 2004 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩემი მამა, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის დირექტორი, დააკავეს ამ კონტექსტით. ბრალის დადგენილებაში ეწერა დიდი ოდენობის თანხის „დაფანტვა“ – ვციტირებ. (არაიურისტებისთვის, განვმარტავ, რომ ასეთი ტერმინი სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს).

იგი 6 თვე ჩასვეს ციხეში, სრულიად დაუსაბუთებლად. მოათავსეს საკანში, სადაც მასთან ერთად იყო ერთი წლით ადრე მისი გატაცებისთვის მსჯავრდებული პირი (ალბათ ახსნას არ საჭიროებს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ამ მეთოდის სისასტიკე და სიმდაბლე). იყო ბევრი სხვა სისასტიკეც, რაზეც ახლა აქ არ მოვყვები. ამ პირობებში, ციხეში, მას ისევე როგორც იმ პერიოდში ემართებოდათ ხოლმე ადამიანებს – გაუჩნდა „დაუძლეველი სურვილი“ სახელმწიფოსთვის „ეჩუქებინა“ საავტომობილო ქარხნის აქციები. ასევე, გადაერიცხა თანხა ანგარიშზე, რომელიც საჯაროდ არ არსებობდა და არც სასამართლოს დადგენილებაში იყო მითითებული (ამ ანგარიშს მაშინ ერქვა „სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერების ფონდი“ ). ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

დეტალურად არ მოვყვები იმას, რაც ჩემმა ოჯახმა გამოიარა, რაც გამოვიარე პერსონალურად მე – შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ყველაზე მოწყვლად ასაკში გესვრიან ორივე ფეხში! არ ვიცი, როგორ ვიპოვე ჩემში ძალა, დავდექი ფეხზე და აქამდეც მოვედი! (როგორც ხედავთ, შეუმდგარი ადამიანი არ მეთქმის, არც ვინმეზე გაბოროტებული და ბოღმით დაბრმავებული).
2008 (!) წლიდან ვმუშაობ უფლებადაცვით სფეროში (ზოგიერთებივით 2012 წლიდან არ დაწყებულა ჩემთვის უფლებები).

აი ასეთი ბიოგრაფიის ადამიანს, მესვრიან ტალახს და მიწოდებენ „ნაცს“, მიწოდებენ მიკერძოებულს, ანგაჟირებულს, რატომ ?!

იმიტომ, რომ არგუმენტები არ აქვთ იმ სიმართლეზე, რაზეც მე ვსაუბრობ.

მე ავირჩიე ეს პროფესია და ეს გზა სრულიად გათვითცნობიერებულად და მიზანმიმართულად, რადგან ძალიან კარგად, სულისსიღრმემდე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა უსამართლობის მსხვერპლი ხარ, როცა სახელმწიფო მანქანა გატარებს ხორცსაკეპში და საშველი არ არის. ძალიან კარგად ვიცი, ასეთ დროს რა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში იყვნენ ადამიანები, ჯგუფები, ორგანიზაციები, მედიები, რომლებიც ამ უსამართლობაზე თუნდაც ერთ სიტყვას იტყვიან!

დღესაც ყურში მესმის იმ ტელევიზიის (რ2) დიქტორის ხმა, რომელსაც ბოლო 5 წელი გააფთრებული ვიცავ ამჟამინდელი ხელისუფლებისაგან, დილით როგორ გამოაცხადეს მამაჩემი მილიონების მიმთვისებლად, საღამოს ეს მილიონები რამდენიმე ათასი გახდა და ბოლოს – ვერც ამ რამდენიმე ათასის გაფლანგვა დადასტურდა (საქმეში არსებობს არაერთი აუდიტის დასკვნა, რომ ბრალდება სრული აბსურდია). მაგრამ მე ვიცავ ამ ტელევიზიას და დავიცავ ყოველთვის, როცა ის იქნება ოპოზიციური! რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიციური მედიის სისუსტე და არარსებობა აძლევს ხელისუფლებას მწვანე შუქს – იძალადოს მოქალაქეებზე.

ჩემი პროფესიული საქმიანობის დროს მე ვიცავდი და დავიცავ იმ ადამიანებს, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და ვისი უშუალო და ირიბი მონაწილეობითაც მე და ასობით სხვა ადამიანს უსამართლობა დაგვატყდა თავს, მაგრამ დღეს თავად არის შერჩევითი სამართლის სამიზნე. იმიტომ, რომ მე ვიცავ კანონს, კანონის სამართლიან და არა შერჩევით აღსრულებას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს!
ვიცი, რომ ეს არის რთული, მეტიც – ძალიან უმადური გზა! (ზოგს, სასარგებლო იდიოტი ვგონივარ, ზოგს – იდეალისტი, ზოგს – კიდევ რავიცი).

მე როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მამაჩემის საქმე იყო თეთრი ძაფით ნაკერი უსამართლობა (ვისაც გულზე მოგხვდებათ ეს პოსტი, ნუ შემომივარდებით ახლა, ბევრი სხვა პოსტი გაქვთ მოწონებული ადრინდელი და არც ჩემი კვალიფიკაცია დაგიყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ, ახლა – უხერხული იქნება, მინიმუმ ) თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ მასში დარღვევა ვერ დაინახა (ამის მიუხედავად, სასამართლო იყო და რჩება ჩემი პატივისცემის ობიექტად).

ჩემთვის გაცილებით იოლია, ვიჯდე ეთერებში და ვსაუბრობდე 9 წელზე და თვალს ვხუჭავდე მიმდინარე ამბებზე. მაგრამ ამას არ ვაკეთებ, არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ღრმად მწამს: ასე ვერ აშენდება სახელმწიფო. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აშენდეს კანონზე დაფუძნებული მართლწესრიგი და ეს კანონი ყველას თანაბრად უნდა იცავდეს და ყველას თანაბრად სთხოვდეს პასუხს – მოგვწონს ეს ადამიანები ჩვენ თუ არა.

საქმეს, რომელიც ზემოთ აღვწერე, იძიებს ოცნების მიერ „რეფორმირებული და დეპოლიტიზირებული პროკურატურა“, არაერთი წელია. არასდროს, არასდროს არ გამომიყენებია ჩემი პოზიცია არც საჯაროდ, არც კულუარულად, ან მომეკითხა ამ საქმის ბედი, ან რამენაირად ზეგავლენა მომეხდინა მასზე.
ძალიან კარგად ვიცი, რომ არაფრის გამომძიებლები თქვენ არ ხართ. სამართლიანობის აღდგენა იყო ერთი დიდი ბლეფი. ამის მაგივრად, ახალი უსამართლობები დაატრიალეთ – რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა ეს უსამართლობა თავიდან მიცოცხლებს 16 წლის წინანდელ ჭრილობებს! ქვეყანას ანგრევთ და ადამიანებს, ვინც ამაზე თვალს არ ვხუჭავთ, გვესვრით ტალახს.

ქართული ოცნების სპიკერებო და ტროლ-ბოტებო, სანამ ჩემზე რამეს იტყვით და ნაცობას დამაბრალებთ, პირი გამოირეცხეთ და ის ცხრა წელი რომელი ჩირგვის ქვეშ იჯექით – კარგად გაიხსენეთ!

ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც ნუ გადაამლაშებთ თქვენი თვითრეფლექსიების დამადლებით (და ჩადენილი დანაშაულებების მსგავსი ინტელექტუალურ-რომანტიკული „გაპრავებებით“) – ყველა დანაშაული ძალიან კარგად ვიცი, ძალიან კარგად მახსოვს – მეც და სხვასაც.

თუ ეს ქვეყანა ოდესმე შედგება ღირსეულ სახელმწიფოდ და საზოგადოებად, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა – მსხვერპლსაც, ჯალათსაც, გაორებულსაც, გამპრავებელსაც, ტროლსაც, არც მწვადს რომ წვავს და არც ჩამფურს ისეთ ექსპერტებსაც, გაყიდულებსაც, გასაყიდებსაც და ა.შ.

ჩემი შეგნებული ცხოვრება ამას ვემსახურები, ვერ გამაჩუმებთ!

პ.ს. ამ პოსტის რომელიმე ნაწილი არავინ ამოიღოს ცალკე და კონტექსტიდან გამოგლეჯილად არ გადაბეჭდოს/გააშუქოს. თუ სიმართლე გაინტერესებთ, გადაცემა გააკეთეთ ჩემნაირ ადამიანებზე და იქ ვისაუბრებ. ახლა, აქ დავასრულებ,”– აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები