„თქვენ წაახალისებთ ძალადობას. ის, რაც კობახიძემ გააკეთა, იმ ძალადობის წახალისებაა, რომელიც ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე იყო გუშინ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ირაკლი კობახიძე: ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ
ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ALDE-ს კონგრესმა ქართული ოპოზიციური პარტიების ინიციირებული რეზოლუცია მიიღო და კომისიას მოუწოდა, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ, „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან ვაშაძის თქმით, ოცნებას სურს შექმნას ყველა არგუმენტი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ.
„მთელი მათი კამპანია იყო, რომ ოპოზიცია ებრძვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამას წერტილი დაესვა შაბათს, როდესაც „ალდემ“ სწორედ ჩვენი, ოპოზიციური პარტიების ინიციატივით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას. EPP-მ დააინიცირა რეზოლუცია, სადაც ასევე მხარდაჭერილია ეს ყველაფერი. ამის გაგრძლებაა, რომ ევროპარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს და გააქვთ რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
კობახიძემ დაიწყო ბინძური ფსევდო პატრიოტიზმი, ეს არ არის საქართველოს ეროვნული იდენტობა და ინტერესები. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რას აკეთებთ ამ დროს თქვენ? არც ერთი განცხადება „ქართული ოცნების“ მეგობარი ფრაქციიდან – სოციალ-დემოკრატებიდან არ ყოფილა, თქვენ პირიქით თავს ესხმით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ყველა გულშემატკივარს. გსურთ ყველა არგუმენტი შექმნათ, რომ საქართველოს არ მისცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თქვენ ეს არ გამოგივათ, ამის უფლებას არ მოგცემთ, თქვენ საქართველოს ისტორიას ვერ გააყალბებთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.