LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვემიჯნებით პოლიტიკური შინაარსის ნებისმიერ განცხადებას – სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას 9 მოსამართლე არ იზიარებს

93
ხელმოწერა

მიგვაჩნია რომ „მოსამართლე მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის“ შენების გზაზე აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა ჩვენი ერთგული პარტნიორების გამოცდილების, რჩევების, რეკომენდაციისა თუ კრიტიკის გაზიარება იმ დემოკრატიის ნაწილია, რომლის შექმნაც ჩვენ სასამართლო სისტემის შიგნით გვსურს , – ამის შესახებ ნათქვამია 9 მოსამართლის მიერ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში.

მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელმომწერი მოსამართლეები, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებების მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, საჯაროდ დავაფიქსიროთ ერთობლივი პოზიცია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებების წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით.

აქვე ღიად ვაფიქსირებთ ნებისმიერი ჩვენი კოლეგის განსხვავებული მოსაზრების მიმართ პატივისცემას. ვემიჯნებით პოლიტიკური შინაარსის ნებისმიერ განცხადებას, მათ შორის, სასამართლოს განვითარების გეგმასთან დაკავშირებით.

საქართველოსთვის, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნისთვის, სასამართლო ხელისუფლება ის შტოა, რომლის მყარ და თანმიმდევრულ განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება. რეფორმების გრძელ და ქარტეხილიან გზაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უამრავი რესურსი და ენერგია ჩაიდო უკეთესი სასამართლოს შექმნისთვის. მათი გამოცდილება, ხელშეწყობა და წვლილი, ვიაროთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეუფასებელია. სასამართლოს დამოუკიდებლობა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე დგას.

ამიტომ, ინდივიდუალური მოსამართლის გასაძლიერებლად ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეტი დემოკრატიის შემოტანა მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში, თავისუფალი ხმის წახალისება ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელიც ყველა მოსამართლეს გააძლიერებს. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ღიად გამოვხატოთ ჩვენი საერთო მოსაზრება, რათა საზოგადოების მხრიდან არ იყოს აღქმული, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს ყველა მოსამართლე იზიარებს.

მიგვაჩნია რომ „მოსამართლე მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის“ შენების გზაზე აშშ-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა ჩვენი ერთგული პარტნიორების გამოცდილების, რჩევების, რეკომენდაციისა თუ კრიტიკის გაზიარება იმ დემოკრატიის ნაწილია, რომლის შექმნაც ჩვენ სასამართლო სისტემის შიგნით გვსურს. ამ მიმართებით კი საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ფასდაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განცხადება ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის ხელმოსაწერად”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ მოსამართლეები: არეშიძე ეკა; ბაქაქური ნინო; გასიტაშვილი ეკატერინე; დარბაიძე ლევან; კიკვაძე ციცინო; მაისურაძე მადონა; მესხიშვილი ქეთევან; წიკლაური მამუკა; ხაჟომია თამარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები