„ძალიან არასერიოზული იყო ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ გააკეთა, ვერც კი მივხვდი, ეს ფარულად გააკეთეს და მერე ინფორმაცია გავრცელდა, თუ რა იყო; ან მარგველაშვილი რას აკეთებდა ამ დელეგაციაში, თუ რაც იყო, ვერ გავიგე”,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში დამოუკიდებლად წასვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
“შინაარსი ვერ გავიგე, საბოლოო ჯამში. იმიტომ, რომ ეს ხომ არ არის გართობა და რაღაც ატრაქციონებზე მისვლა, ხომ? ეს არის სერიოზული ამბავი, უკრაინა ომშია და ჩვენი მიზანია, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს ყველაზე ახლო მოკავშირე ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პრობლემები ესმის, რადგან იგივე პრობლემები აქვს და ასეთი რამ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა იყო რაღაცნაირად, უკრაინის გამოყენება ჩვენ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა “პირველ არხის” ეთერში.
შეგახსენებთ, უკრაინაში ჩასულ პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.