LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ უზრუნველყო დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში – გაკვირვებული ვართ კატუკიას ცილისმწამებლური ბრალდებებით“– საგარეო უწყება საფრანგეთში საქართველოს ელჩის გადადგომას ეხმაურება

94
საგარეო და თეა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყებაში გაკვირვებული არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით.

როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ელჩმა თანამდებობა უწყებასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა, ამის მიზეზი კი მისი საქმიანობის მიმართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკმაყოფილება გახდა.

„გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში.

სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას.“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს – დიპლომატი მიზეზად საგარეო უწყების მხრიდან „მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლას“ ასახელებს.

 

პოპულარულები