LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობთ ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს აქციაზე დაკავებული ადამიანები: “დიდი შვიდეული” რუსეთს მიმართავს

91
FORTUNA.GE-

“ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ერთიანად ვგმობთ ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები 23 იანვარს, მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო.” – “დიდი შვიდეულის” სახელმწიფოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ  და  კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.

მიმართვაში G7-ის ქვეყნები მწუხარებას გამოთქვამენ ათასობით მშვიდობიანი მომიტინგისა და ჟურნალისტების დაკავების გამო. რუსეთს კი ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს შეახსენებენ.

“დაუშვებელია პოლიციური ძალების მიერ, საკუთარი შეხედულების გამოხატვის უფლების ძალადობრივი ჩახშობა. ეს მოვლენები ადასტურებს იმას, რომ რუსეთი განაგრძობს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების შეზღუდვას.” – აღნიშნულია მიმართვაში.

მინისტრები ასევე მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, გამოიძიონ ნავალნის მოწამვლის ფაქტი.

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. ჩვენ, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები, კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გამოიკვლიონ ნავალნის საქმე.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს, რასაც მოყვა მისი მხარდამჭერების პროტესტი. შაბათს გამართულ აქციაზე კი სამართალდამცველებმა, სულ მცირე, 3 500 ადამიანი დააკავეს.

რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის სასწრაფო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ევროკავშირი და სანქციების გამკაცრებასაც არ გამორიცხავს.

ნავალნი, პროტესტი, დაკავებები: ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების გაზრდაზე იმსჯელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები