ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთ-ერთი ქარხნის გაფიცულ მუშებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება. მისი თქმით, ეს იყო სამართლიანი არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა 80%-მა საკუთარი აზრი დააფიქსირა და მხარი მას დაუჭირა. ლუკაშენკო ცოცხალი თავით პოსტის დათმობას არ აპირებს. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
„არასამართლიან არჩევნებზე საუბრობთ და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გსურთ? გპასუხობთ ამ კითხვაზე. ჩვენ არჩევნები უკვე ჩავატარეთ. ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსში ძალაუფლების გადანაწილება საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში უნდა მოხდეს და არა ქუჩებში გამართული აქციებით.
“თავისუფლების მარში” – მინსკში, ლუკაშენკოს წინააღმდეგ 200 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო აჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,08 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს სვეტლანა ციხანოვსკაიას კი 10.09 პროცენტმა მისცა ხმა. სწორედ აღნიშნული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო ბელარუსში მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაციები, რომელიც მასობრივ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.