LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვილოცოთ შინ… ასე განვადიდოთ უფალი… შევასრულოთ რეკომენდაციები” – სასულიერო პირების რჩევები

481
სამება

იმ დროს, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 300 ათასს გადააჭარბა, 13 ათასზე მეტი გარდაიცვალა, როდესაც იხურება ყველა ობიექტი სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, როდესაც სრულიად მსოფლიო პატრიარქი ავრცელებს განცხადებას და მოუწოდებს ყველას, რომ 1 აპრილამდე შეჩერდეს ყველა სახის რელიგიური მსახურება, მონასტრებში დარჩნენ მხოლოდ სასულიერო პირები, მომლოცველები კი დროებით არ დაუშვან, ამ დროს საქართველო სასულიერო წრეებში აზრი ორად გაიყო.

მოდი, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ვიცით გადაწყვეტილება – საქართველო არ ემორჩილება მსოფლიო საპატრიარქოს, არც ხელისუფლებას, არც კანონებს და მსახურებას არ აჩერებს, ასევე არ იცვლება ზიარების წესი, რაც ერთი კოვზიდან ზიარებას გულისხმობს.

უნდა შეცვალოს თუ არა ზიარების ტრადიცია კორონავირუსმა? - რას ფიქრობენ თეოლოგები

"კორონავირუსი და მსგავსი ტიპის ვირუსები არის მსოფლიო სპექტაკლი"...

არავინ დავობს იმაზე, რომ ყველა მორწმუნეს სჯერა, ამით არ დაინფიცირდება, ყველა მათგანს სწამს, რომ ეპიდაფეთქების დროსაც კი ეკლესიაში მისვლისას არაფერი დაემართება – ეს რწმენაა და ამას არავინ უნდა შეეხოს. აქ სხვა შეკითხვები გაჩნდა: ხომ არ არის ერთგვარი რწმენის გამოცდა ასეთი გადაწყვეტილება და მრევლის ნაწილის სიჯიუტე – არ დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობას; რატომ არ უნდა გააკეთოს საქართველომ ის, რასაც ამბობს მსოფლიო საპატრიარქო, ან მართლმადიდებლური ეკლესიები, სადაც დროებით შეჩერდა მსახურება; არის თუ არა საერთოდ რელიგიური მსახურების დროებით შეჩერება რწმენასთან კავშირში; რა დაშავდება თუ დროებით სახლში დავრჩებით და ვილოცებთ; რას ნიშნავს იყო მორწმუნე, არის თუ არა მრევლის ასეთი დამოკიდებულება ფანატიზმი და რატომ უწოდა ამას სასულიერო პირების ნაწილმა კერპთაყვანისმცემლობა და ამპარტავნება; რა თქვეს მეუფეებმა და დეკანოზებმა? – რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, რამდენიმე მათგანის აზრი გაეზიარებინა და ასევე შეფასება ეთხოვა თეოლოგებისთვის.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებას დეკანოზი ილია ჭიღლაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მოქალაქეები არ დაემორჩილებიან საგანგებო მდგომარეობის წესებს, ეს ანტისახელწმიფოებრივი ქმედებაა. დეკანოზი აღნიშნავს, რომ „არსებითი ქვის ტაძრებში შეკრება კი არა, არსებითი არის, რათა ჭეშმარიტი თავყვანისმცემელნი თაყვანისცდემდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებით“.

„იმას კი არ ვამბობ, რომ ტაძარში არ ვიაროთ, არამედ ჭეშმარიტი რწმენა და ღვთისმოსაობა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება და ისტერიული ვიშვიში, წივილი, არიქა, ტაძარში ვერ გავაცდენ სიარულს ერთ თვეო, არის ხიბლისმიერი და ეგოისტური ვნება, რომელიც მთავარ მცნებას, მოყვასის სიყვარულს, შესაბამისად მისი სიცოცხლის გაფრთხილებას ფეხქვეშ თელავს“.

მისი თქმით, “სხვა შემთხვევაში ქრისტიანობა კერპთაყვანისმცემელს ემსგავსება, რომელიც ფორმას აკერპებს, ხოლო შინაარსი არ ესმის“. 

სანამ სხვა სასულიერო პირების რჩევებსაც გაგაცნობთ, მანამდე ჩვენ სინოდის გადაწყვეტილების შეფასება თეოლოგ ლადო ნარსიას ვთხოვეთ.

თეოლოგმა ზიარების არსი აგვიხსნა და განმარტა, რომ სამწუხაროდ, დღეს საპატრიარქო ამაზე არ საუბრობს.

„დღეს საზოგადოებაში აზრი იმის გამო კი არ გაიყო ორად, რომ ერთი ფიქრობს, ზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მეორე კი ეწინააღმდეგება, არა, საქმე ისაა, რომ სინოდი ზიარების საღვთისმეტყველო საზრისს არ განმარტავს.

ზიარება არის სულის ცხონებისთვისაა. ის ქრისტეს ხორცთან და სისხლთან მიახლების საშუალებაა, რომელიც აუცილებელია და სჭირდება ყველა ქრისტიანს. ეს რომ კარგად განმარტოს საპატრიარქომ, მრევლის იმ ნაწილს, ვინც გათვიცნობიერებული არაა, შეიცვლიდა დამოკიდებულებას.

რაც შეეხება მსოფლიო პატრიარქის განცხადებას, კონსტანტინოპოლის საპატრიაქრო ადეკვატურია. რა თქმა უნდა, წირვა უნდა შესრულდეს მონასტრებში, როგორც მათ თქვეს, იმას ვერ ეტყვის სახელმწიფო, რომ არ ჩაატაროო. ამით არაფერი ზიანდება.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ იერარქიას ზიარების ეს საზრისი არ აქვს სწორად გააზრებული. ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ არასწორი გაგებიდან გამომდინარეობს. ბევრს ვერ გამოაქვს წაკთხულიდან შინაარსი და ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს, რაც პრობლემურია და არ არის სწორი“, – აცხადებს ლადო ნარსია.

სინოდის გადაწყვეტილების მიუხედავად, არაერთი სასულიერო პირი გამოჩნდა, რომელმაც მრევლს ყველაფერი აუხსნა და განუმარტა. მათ შორის იყო მეუფე გრიგოლი, რომელმაც ქადაგებისას აღნიშნა, რომ „უაზრო თავგანწირვა, რომელიც მიზანს არ ემსახურება, ფუჭია“.

„გპირდებით და გეუბნებით, ვინც გაითალისწინებს კურთხევას და გაითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმებს, ჩვენი მამები სახლში გაზიარებენ“, – ამბობს მეუფე გრიგოლი.

რწმენით თამაში უწოდა შექმნილ ვითარებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ. მისი თქმით, ჩვენი გაუფრთხილებლობა, უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა, სიფრთხილის არქონა და ვითომ რწმენით თამაში და ბრძოლა შესაძლოა (გარდაუვალიც კი) ადამიანების სიცოცხლის დასრულებით დამთავრდეს.

„თან რა, გეგონება, ვინმე რწმენას ებრძოდეს, ან ქრისტეს ან ქრისტიანობას, ან ვინმე ბღალავდეს მი სახეს. არა, ეს გამოწვევა, ქრისტიანებისთვის განსაცდელი, შესაძლოა, სამაგალითოც იყო, როგორც უნდა გავერთიანდეთ ლოცვით და რომელ ტაძრებში, იმ ქვისა და ბეტონისაში? სადაა ჩვენი სულიერი ტაძარი? ნუთუ არ შეიძლება სახლიდან, უდაბნოდან, მარტოობაში, სიცარიელეში განვადიდოთ უფალი და შევავედროთ მას ჩვენი კაცობრიობის ხსნა?” – წერს დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები