რა პროცედურების გავლა მოუწევს პირს, რომელიც მესამე, ე.წ. “ბუსტერ-დოზას” იკეთებს და რა საბუთების წარგენა დასჭირდება მას – ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
მისი თქმით, ბუსტერის დოზაზე რეგისტრაციისთვის სისტემა მომდევნო კვირიდან გაიმართება, გამაძლიერებელი, მესამე დოზით ვაქცინაცია კი, გამონაკლისის შემთხვევების გარდა, შესაძლებელი იქნება როგორც რეგისტრაციით, ასევე რეგისტრაციის გარეშე:
“ბუსტერ-დოზების” შემთხვევაში ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს რეგისტრაციის გარეშე და რეგისტრაციითაც. სისტემა მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის უკვე მომდევნო კვირისთვის გაიმართება.
ქრონიკული დაავადების მქონე პირს დასჭირდება ვაქცინაციაზე წარმოადგინოს ექიმის ცნობა ან ფორმა 100, რომელიც დაადასტურებს მისი ჯანმრთელობის სტატუსს და ამის საფუძველზე მიიღებს ის ბუსტერ დოზას”,-თქვა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს მეორე აცრიდან ექვს თვეში შეეძლებათ.
“50 წელს ზემოთ მყოფ პირს, რა თქმა უნდა, ცნობის წარდგენა არ სჭირდება და შეუძლია პირდაპირ დარეგისტრირდეს ან რეგისტრაციის გარეშე მიბრძანდეს აცრისთვის”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
? ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას კოვიდ-19-ის დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ, მათ შორის:
◼ 50 წლის და უფროსი ასაკის პირები;
◼ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათ მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები;
◼ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად);
◼ სამედიცინო პერსონალი;
◼ 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები, ქრონიკული დაავადებებით-(ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა;)
ბუსტერ-დოზით აცრა უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6 თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან.
ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.
? COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრას ასევე შეძლებენ:
◼ 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები.
◼ 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
? Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით “ფაიზწერის” ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით:
◼ ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.
აღნიშნულმა პირებმა ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება.
◼ პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში, მეორე აცრა ჩაუტარდებათ ფაიზერის ვაქცინით.
აღნიშნული პირების ვაქცინაცია ამ ეტაპზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, სამედიცინო დაწესებულებაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება.