LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მიიღებს „ოქროს პალმის რტოს“? – კანის 74-ე კინოფესტივალი დაიწყო

270
cannes

საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 74-ედ გაიხსნა. ფესტივალის პირველი ფილმი ლეოს კარაქსის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი, მიუზიკლი „ანეტი“ იყო, სადაც მთავარ როლებს მარიონ კოტიარი და ადამ დრაივერი ასრულებენ.

ფესტივალის მთავარი ჯილდოს, „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 24 კინოსურათი იბრძვის.

წელს კანის კინოფესტივალი 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვის ფონზე გაიმართება. ჟიურის  ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს, საპატიო “ოქროს პალმის რტო” კი ჯოდი ფოსტერს გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება”, რომელიც წარმოდგენილი იქნება სექციაში “კანის კლასიკა”.

„მონანიების” მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის 3 ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

ოქროს პალმის რტოს“ ნომინანტები:

აჰედის მუხლი / Ahed’s Knee

ებრაულ-ფრანგული დრამა ცნობილი რეჟისორის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახალი ფილმის გადაღებას პალესტინელ თინეიჯერზე, აჰედ ტემიმიზე გეგმავს. აჰედმა კამერების წინ ებრაელ ჯარისკაცს სილა გააწნა, რის გამოც დააპატიმრეს…ისრაელის ერთ-ერთი მოქალაქე ტვიტავს იმის შესახებ, რომ მისთვის ყველაზე შესაფერისი სასჯელი მუხლში სროლაა…

ანეტი / Annette

ლეო კარაქსის პირველი მუსიკალური ფილმი, რომლითაც კანის ფესტივალი გაიხსნება, საოპერო მომღერალი ქალის და მისი კომედიანტი მეუღლის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებასაც ქალიშვილის, ანეტის დაბადება სრულიად ცვლის. ფილმში მთავარ როლებს მარიონ კოტიარი და ადამ დრაივერი ასრულებენ. „ანეტი“ კარაქსის პირველი ინგლისურენოვანი ნამუშევარია.

ბენედეტა / Benedetta

ფრანგულ-ჰოლანდიური ბიოგრაფიული დრამა მოგვითხრობს მე-17 საუკუნეში მცხოვრები მონაზვნის, ბენედეტას ისტორიას, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც მას სხვა ქალი უყვარდება. „ბენედეტა“ ეფუძნება 1986 წლის წიგნს- „ლესბოსელი მონაზვნის ცხოვრება რენესანსის პერიოდის იტალიაში“.

ბერგმანის კუნძული / Bergman Island

ოთხი ქვეყნის: ბრაზილიის, საფრანგეთის, გერმანიისა და მექსიკის ერთობლივი დრამა მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომელიც ფილმების გადაღებითაა გატაცებული. ისინი ახალი იდეების საპოვნელად ლეგენდარული რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის საყვარელ კუნძულზე მიდიან, სადაც რეალობასა და ფიქციას შორის ზღვარი ნელ-ნელა იშლება.

Casablanca Beats

მაროკოული დრამა მოგვითხრობს ყოფილ რეპერზე, ანასზე, რომელსაც კულტურულ ცენტრში ასაქმებენ. ახალი მასწავლებლით შთაგონებული სტუდენტები ცდილობენ თავი დააღწიონ ტრადიციების გავლენას და საკუთარი სათქმელი ჰიპ-ჰოპ კულტურის მეშვეობით გადმოსცენ…

მეექვსე განყოფილება / Compartment No. 6

რუსულ-ფინური დრამა როზა ლიკსომის 2011 წლის ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება. ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს მატარებელში ხვდება, სად გატარებული დროც სრულიად ცვლის მათ წარმოდგენას და შეხედულებებს ცხოვრებაზე…

დაყოფა / The Divide 

ფრანგული დრამა ფოკუსირებას ახდენს რაფსა და ჯულიზე, რომლებიც ერთმანეთს საავადმყოფოში, დიდი დემონსტრაციის წინა ღამეს ხვდებიან…

მართე ჩემი მანქანა / Drive My Car

იაპონური დრამა ჰარუკი მურაკამის ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციაა, რომელიც შედის მწერლის 2014 წლის კოლექციაში „კაცები ქალების გარეშე“.

ყველაფერი კარგად მიდიოდა / Everything Went Fine

ფრანსუა ოზონის დრამა ემანუელ ბერნჰაიმის ნოველაზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის დილემის შესახებ, რომელსაც მძიმედ ავადმყოფი მამა სუიციდის ჩადენაში დახმარებას სთხოვს.ფილმში მთავარ როლებს სოფი მარსო და ანდრე დიუსოლიე ასრულებენ.

დროშის დღე / Flag Day

შონ პენის დრამა მამა-შვილის შესახებ. ქალიშვილის უზრუნველსაყოფად მამა ბანკებს ძარცვავს, ყალბ ფულს ამზადებს და თაღლითობს. თუმცა მის ქალიშვილს მამის წარსულსა და  ცხოვრების წესთან შეგუება გაუჭირდება…

ფრანგული გზავნილი / The French Dispatch

ვეს ანდერსონის დრამედია მეოცე საუკუნის გამოგონილი ფრანგული ქალაქის შესახებ სამ განსხვავებულ სიუჟეტურ ხაზს მისდევს, რომლებსაც გამოცემა „ფრანგული გზავნილი“ აერთიანებს…

გმირი / A Hero

ირანული დრამის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა კაცი, სახელად რაჰიმია, რომელიც ვალის გადაუხდელობის გამო ციხეში მოხვდა. რაჰიმს ორი დღით ციხიდან უშვებენ, რა დროსაც ის იმ ადამიანს აკითხავს, ვისი ვალიც აქვს და საერთო თანხის შემცირებას სთხოვს. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი იყო…

მემორია / Memoria

ფილმის მთავარი გმირი შოტლანდიელი ქალია, რომელსაც კოლუმბიაში მოგზაურობისას მოულოდნელი ხმები ჩაესმის. ქალი გადაწყვეტს მათი წარმოშობის წყარო იპოვოს… ფილმში მთავარ როლს ტილდა სვინტონი ასრულებს…

Nitram

ჯასტინ კარცელის დრამა- თრილერი 1996 წლის პორტ-არტურის მასობრივი მკვლელობის შესახებ. ტასმანიაზე შეიარაღებულმა პირმა 25 ადამიანი მოკლა. ფილმი ტრაგედიის მიზეზების დადგენას ცდილობს…

პარიზი, მე-13 რაიონი / Paris, 13th District

მელოდრამა სამი ქალის და ერთი კაცის ურთიერთობაზე. ემილის, ნორას და ემბერს საერთო მამაკაცი, კამილი აერთიანებთ. ისინი მისთვის მეგობრები ან საყვარლები არიან, ხანდახან კი ორივე ერთად…

პეტროვის გრიპი / Petrov’s Flu

რუსული დრამა კომიქსების მწერლის, პეტროვის და მისი მეგობრის, იგორის მოგზაურობის შესახებ ფანტაზიასა და რეალობაში…

წითელი რაკეტა / The Red Rocket

ფილმი მაიკ საიბერის, ყოფილი პორნო ვარსკვლავის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ტეხასში, თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას გადაწყვეტს. სეიბერს სულ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ქალაქში მისი დაბრუნება არავის უნდა…

მოუსვენარი / The Restless

ბელგიური დრამა წყვილის, დემიანის და ლეილას ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მიუხედავად მათი დიდი სიყვარულისა, წყვილს დიდი პრობლემა აქვს – მათ ერთად უწევთ ბრძოლა დემიანის დიაგნოზთან- ბიპოლარულ აშლილობასთან…

ჩემი ცოლის ამბავი / The Story of My Wife

ფილმი მილან ფუსტის 1942 წლის ამავე სახელწოდების ნოველაზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს გემის კაპიტნის ამბავს, რომელიც მეგობართან უცნაურ სანაძლეოს დებს. მან ცოლად უნდა შეირთოს პირველი ქალი, რომელიც ბარში შემოვა.

სამი სართული / Three Floors

იტალიურ-ფრანგული ფილმი არის ისტორია სამი ოჯახის შესახებ, რომლებიც საშუალო კლასისათვის გათვლილი სამსართულიანი შენობის სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ…

ტიტანი / Titane

ისტორია მამის შესახებ, რომელიც ათი წლის წინ გაუჩინარებული შვილის პოვნას შეძლებს…

ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში / The Worst Person in the World

ნორვეგიული დრამა ახალგაზრდა ქალის, ჯულის სასიყვარულო თავგადასავლებსა და კარიერულ ძიებაზე მოგვითხრობს და გვიჩვენებს, თუ როგორ პოულობს მთავარი გმირი თავისი ცხოვრების გზას…

ლინგუი, წმინდა კავშირები / Lingui, The Sacred Bonds

მარტოხელა დედა ამინა ჩადში თავის 15 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მათი ცხოვრება თავდაყირა დგება მაშინ, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ორსულადაა. ბუნებრივია, თინეიჯერს ბავშვის გაჩენა არ სურს, მაგრამ დედა-შვილი იმყოფება ქვეყანაში, სადაც აბორტს არა მხოლოდ რელიგია, არამედ კანონიც კრძალავს…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები