LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის არ ეხება მოძრაობის შეზღუდვა თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს

479
92118218-3238214096211310-7130191356890185728-o

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა დადგენილებაში, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცებას გულისხმობს. დოკუმენტი გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. ცვლილებებში საუბარია თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლისა და გასვლის შეზღუდვაზე. საქართველოს მთავრობის 23 მარტის №181 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება არ შეზღუდავს რამდენიმე სახელმწიფო და კერძო დაწესებულების მომსახურე პირთა მოძრაობას. აკრძალვა ასევე არ ეხება მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.

„აიკრძალოს თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა და ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;​ სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა); საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას; კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად“, – წერია დადგენილებაში.

თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ჩაიკეტა: 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა აიკრძალა

მთავრობის დადგენილებით დაწესებული ცვლილების თანახმად, დაკეტილ ქალაქებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს. ასევე, გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს. შეზღუდვა დღეს, 15 აპრილს, 21:00 საათიდან ამოქმედდება.

magti 5g