LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვრცელდება ტყუილი, თითქოს 27 ათასი ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე”

362
kaxa kaladzeeee

დაახლოებით 6 ათასზე მეტ მძღოლს A კატეგორიის, ხოლო 9 ათასამდე მძღოლს B კატეგორიის ლიცენზია აქვს – ციფრებს თბილისის მერი კახა კალაძე ასაჯაროვებს.

როგორც ის ამბობს, მიზანმიმართულად ვრცელდება ტყუილი იმის შესახებ, რომ ტაქსების რეფორმის შედეგად, 27 ათასი ტაქსის მძღოლი უმუშევარი დარჩა.

მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება, თითქოს 27 ათასი ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე. ეს არის არასწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროთ მის გამავრცელებლებს,” – განაცხადა კალაძემ “ფეისბუქგვერდზე” პირად ჩართვაში.

თბილისის მერის ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში კანონით იყო გათვალისწინებული, რომ ტაქსის ლიცენზიის ასაღებად ავტომობილს ტექდათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი, თუმცა 30%-მა ეს ვერ მოახერხა.

“თუმცა, მათ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ავტომობილები მოიყვანონ მწყობრში, შეასწორონ პრობლემები რაც აქვთ და აირჩიონ ან A ან B კატეგორია,” – აღიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქში ძალიან მოწესრიგებული იქნება არა მხოლოდ ტაქსი, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

დღესვე, თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. დილიდან, შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. გარდა ამისა, მერიის საპარკინგე სივრცე მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის არის გამოყოფილი, რათა მანათობლების მიღებამდე ავტომანქანების კომფორტულად დაპარკინგება და მანათობლების დამონტაჟება შეძლონ.

ამ ეტაპზე, დაახლოებით 100-ზე მეტი მანათობელია გაცემული. ნიშნების გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობის მიხედვით, დაგეგმილია გაიცეს დაახლოებით 6500-ზე მეტი ნიშანი. მანათობლები გაიცემა მხოლოდ A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსებზე. მანათობლის მიღებისათვის, ტაქსის ნებართვის მფლობელმა უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო სტატუსის შემოწმება ხდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე. ტაქსის ნიშნების გაცემა მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება. 

მანათობლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 15 000 ერთეულის ოდენობით შეისყიდა, მათგან 13 000 ერთეული არის სტანდარტული ფორმის, ხოლო – 2000 ერთეული – პანორამა სახურავისათვის. ტაქსის ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება – მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g