ამერიკელი მომღერალი, პროდიუსერი, მსახიობი და კომპოზიტორი, 9 „გრემის“ მფლობელი მერი ჯეი ბლაიჯი 1971 წელს ნიუ იორკში დაიბადა. ბავშვობა ჯორჯიის შტატში გაატარა. ოდნავ მოგვიანები, ოჯახი საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა. ამბობს, რომ რთული ბავშვობა ჰქონდა. ჰქონდა მუდმივი კონფლიქტები თანატოლებთან, ხშირად აცდენდა გაკვეთილებს სკოლაში და ამის გამო ქუჩაში არაერთი ღამე აქვს გატარებული. მუსიკალური კარიერა სრულიად შემთხვევით დაიწყო, როცა ანიტა ბეიკერის ცნობილი ჰიტი Caught up in the Rapture ჩაწერა და მულტიმედია პროდიუსერს, ანდრე ჰარელის მოასმენინა. ჰარელი გაოგნებული დარჩა ახალგაზრდა მუსიკოსის ვოკალური შესაძლებლობებით და მას პირველი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. ასე დაიწყო მერი ჯეი ბლაიჯის გზა წარმატებისკენ, ჯერ როგორც ბექვოკალისტის.  ახალგაზრდა მუსიკოსს ყურადღება მალევე მიაქცია შონ კომბსმა, რომელმაც მერი ჯეი ბლაიჯის პირველ ალბომზე მუშაობა დაიწყო და უკვე 1991 წელს გამოვიდა პირველი დისკიც. ეს გახლდათ ბლუზისა და რეპის ძალიან ფრთხილი ნაზავი, რამაც ახალი სიტყვა თქვა 90-იანების მუსიკალურ ეპოქაში.

განსხვავებული იყო მერი ჯეი ბლაიჯის მანერულობა სცენაზე და მისი იმიჯიც. მომღერლის სტილი გამოხატავდა შინაგან ბრძოლას უთანასწორობასთან, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს წამყვანი ლეიბლები მალევე დაინტერესდნენ ამ უცნაური, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ვოკალისტით. მუსიკოსის მეორე ალბომი – My Life 1995 წელს გამოვიდა და მის შექმნაზეც შონ კომბსმა (Puff Daddy) იმუშავა. ამ ალბომმა მალევე შეძლო „ბილბორდის“ ჩარტების სათავეში მოქცევა, ხოლო სიმღერა I’ll Be There for You „გრემის“ გამარჯვებული გახდა. შემდეგი ალბომი უკვე 1997 წლით თარიღდება, როდესაც მერი ჯეი ბლაიჯმა ახალ ლეიბლთან გააფორმა კონტრაქტი და პროდიუსერად სიუჯ ნაიტი აიყვანა. განსაკუთრებით პოპულარული ამ ალბომიდან გახდა ჰიტი Share My World. ეს იქამდე, სანამ გაყიდვაში მერის რიგით მეოთხე ალბომი Mary გამოვიდოდა. უკვე 2001 წელს მზის სინათლე იხილა ბლაიჯის რიგით მეხუთე ალბომმა, No More Drama, სადაც კარგად ჩანს, რომ ბლაიჯი ექსპერიმენტატორი მუსიკოსია, თავისი სტილით, ხედვით, ინტერპრეტაციის გასაოცარი უნარით და მუსიკის  შეგრძნებით. მუსიკალური კრიტიკოსები ამბობენ, რომ ნამდვილი შედევრი მაინც 2003 წელს გამოსული ალბომი Love & Life გახლავთ. მერი ჯეი ბლაიჯს შეუძლია იამაყოს კინოკარიერითაც, ის მონაწილეობდა ცნობილ კომედიაში – „ჩემი პირადი შეცდომები“ და ასევე მიუზიკლში, – „როკი საუკუნოდ“, სადაც მისი პარტნიორები ტომ კრუზი და ალეკ ბოლდუინი იყვნენ.

რაც შეეხება მერი ჯეი ბლაიჯის პირად ცხოვრებას, ის 2003 წელს მუსიკალურ ხელმძღვანელზე, კენდი აიზეკსზე დაქორწინდა, წყვილმა ერთად 2018 წლამდე დაჰყო, ბლაიჯს და აიზეკს შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა მერი ჯეი ბლაიჯი მეუღლის სამ შვილს ზრდიდა.

50 წლის მერი ჯეი ბლაიჯი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული  მუსიკოსია, ის აგრძელებს სიმღერების ჩაწერას, მონაწილეობს ფილმებსა და სერიალებში, აქტიურად ეწევა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას სოციალურ ქსელებში.

 

მსგავსი თემები