სოფლის მეურნეობის მინისტრი რთველის წარმატებით დასრულებაზე აცხადებს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მევენახეობის სექტორში 2020 წელს არსებულ გამოწვევებს.

„აღსანიშნავია, რომ მევენახეობის ძალიან წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში, ძირითადი ჯიშების, ყურძნის ფასი 10-15 ევროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ რქაწითელის ფასს ევროცენტებში გადავიყვანთ, ის 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ევროპის ქვეყნების ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. მოლდოვასა და ბულგარეთში, ზოგ შემთხვევაში, ფასი 10 ევროცენტზე ნაკლებიც იყო. ევროპის რიგ ქვეყნებში ყურძენი არც დაიკრიფა და გამოყენებული იყო კომპენსაციის მექანიზმი. ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რთველის დროს სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება. სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რომ გაზრდილი მოსავლის, შემცირებული გაყიდვებისა და პანდემიის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში, მევენახე ფერმერებისთვის შეექმნა გარანტიები, რომ მათ დაებინავებინათ თავისი მოსავალი“, – აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებას და 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიყო.

„სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა, მათ შორის, ლეჩხუმის რეგიონში, სადაც სახელმწიფო იყო ერთადერთი შემსყიდველი. ეს არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებული ტურისტული მიზიდულობით გამორჩევა. აქ არ არის მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი, არის ძირითადად საოჯახო მარნები, რომელთა პროდუქცია იყიდებოდა ტურისტულ სექტორში. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ტვიშის, ცოლიკაურის, ოჯალეშისა და უსახელაურის შესყიდვა. რომ არა ეს ნაბიჯი, ადგილობრივი ფერმერები დარჩებოდნენ შემოსავლების გარეშე – ეს სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია. რაჭაში ცხოვრების დონე რამდენჯერმეა გაზრდილი – წელს გადამუშავდა 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, როდესაც 2013 წელს ეს რესურსი იყო 400 ტონა. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ 1000 ტონამდე ყურძენი შეიძინა „ხვანჭკარის“ მიკროზონაში”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები