LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს ალტერნატივა არის ძლიერის ბატონობა სუსტზე – იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა“ – მაკრონმა და შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს

43
შოლცი და მაკრონი

„დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი – ომი, ან მშვიდობა. რასაც ჩვენ ვხედავთ იმპერიალიზმის ხანის დაბრუნებაა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე განაცხადა და თქვა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს.

მაკრონის შეფასებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დამოკიდებულია არა ალიანსების, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე.

„ომი ძირს უთხრის გაეროს პრინციპებს, ერთადერთ შესაძლო მსოფლიო წესრიგს და მშვიდობას. მე ჩართული ვიყავი და გააგრძელებს დიალოგს მოსკოვთან, რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია ვიპოვოთ მშვიდობა“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მაკრონმა გააკრიტიკა იმ ქვეყნების პოზიცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნეიტრალურობას ინარჩუნებენ.

„ისინი ცდებიან. ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებენ. ისინი, ვინც დღეს დუმან, ერთგვარად, თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის, რომელიც არღვევს არსებულ წესრიგს“, – თქვა ემანუელ მაკრონმა საკუთარ სიტყვაში და დასძინა, რომ ეს არ არის არჩევანის გაკეთება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ან ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, რადგან ომის შემდეგ არსებობს მსოფლიოს გაყოფის რისკი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გენერალური ასამბლეის წევრებსა და უშიშროების საბჭოს,  მხარი დაუჭირონ „ყველაზე ძვირფას საერთო სიკეთეს – მშვიდობას.“

ბორელი: მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან, ისინი იბომბებიან, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე 

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზე რუსეთის საოკუპაციო ომზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც და აღნიშნა, რომ ომს უკრაინის წინააღმდეგ არავითარი გამართლება არ აქვს და რომ პუტინი ამ ომს ერთი – უკრაინის ხელში ჩაგდების მიზნით აწარმოებს.

შოლცმა გაეროს წევრ ქვეყნებს მიმართა, არსებულ სიტუაციაში ნეიტრალურობას ნუ გამოიჩენენ.

„არ უნდა ვიდგეთ გულგრილად, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა – გაეროს დამფუძნებელი წევრი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი – ძალადობის გამოყენებით საზღვრების შეცვლას ცდილობს“, – აღნიშნა შოლცმა სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის დაცვის მნიშვნელობას.

„წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს ალტერნატივა არის ძლიერის ბატონობა სუსტზე. იმპერიალიზმის დაბრუნება კატასტროფაა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ კატასტროფაა ჩვენი გლობალური სამშვიდობო წესრიგისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ დარბაზში 141-მა ქვეყანამ კატეგორიულად დაგმოს რუსეთის საოკუპაციო ომი.“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

magti 5g