ფიტნეს მენტორი სანდრო გოგოხია სხვადასხვა სახის დიეტებს არაეფეტურად მიიჩნევს. როგორ შეიძლება წონის შენარჩუნება ან დაკლება ამ თემაზე მან “ფორტუნასთან” ისაუბრა.

ჩვენს ქვეყანაში სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების სტილი აქტუალური არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა, ხოლო რაც შეეხება ჯანსაღად და სწორად წონაში კლებას, აქ დღესაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს.

ხმალამოღებული ვებრძვი დიეტებს, ძალიან დიდი ძალისხმევა და ენერგია მიმდის იმის მტკიცებაში, რომ შიმშილით დაკლებული კილოგრამები აუცილებლად დაბრუნდება, რომ არაფერი ვთქვა ჯანმრთელობასა და მეტაბოლიზმზე.

მომწონს მითების მსხვრევა კვებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ასე უფრო მარტივად აღიქვამს ადამიანი რეალობას, ჩემი მიზანი ხალხის დახმარება და სწორ გზაზე დაყენებაა. დღესაც ვცადოთ რამდენიმე მითის დამსხვრევა დიეტებთან და აკრძალვებთან დაკავშირებით: 

პოპულარული უგლუტენო დიეტა – თუ არ გაქვთ ცელიაკის დაავადება ან გლუტენის (წებოვანა) აუტანლობა, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უნდა შეზღუდოთ წებოვანას მიღება. ეს არის ცილა, რომელიც გვხვდება ხორბალში, შვრიაში, ჭვავსა და ქერში. აღნიშნული პროდუქტები  შეიცავს საკმაოდ სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა B ვიტამინი და უჯრედისი. თუ ამ პროდუქტების ამოღების მიზეზი მათი მაღალკალორიულობაა, გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრი პროდუქტი არის მაღალკალორიული, ხოლო თუ ვეტევით კალორიულ დეფიციტში, მათი მიღება წონის მატების მიზეზით არ უნდა გაშინებდეს. ზომიერება არის ჯანსაღი ცხოვრებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

“არ ვიღებ ცხიმს, ცხიმი ასუქებს” – უცხიმო დიეტების ტენდეცია 90-იანების ტრენდია, მაგრამ არა საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ აქტუალურია ეს დიეტა, რაც უაღრესად საშიშია ჯანმრთელობისთვის. ცხიმი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მას აქვს ისეთი სასარგებლო ფუნქციები, როგორიცაა ჩვენი ორგანოების დაცვა, უჯრედული მემბრანის შენარჩუნება, ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. ცხიმი ორგანიზმს ვიტამინების ათვისებაში ეხმარება. ზოგიერთ ვიტამინს (მაგალითად: A, D, E და K) სინამდვილეში სჭირდება ცხიმი, რომ სწორად ისარგებლოს თქვენი სხეულით. აუცილებლად შეარჩიეთ ჯანსაღი ცხიმის შემცველი პროდუქტები და გახსოვდეთ, ცხიმის სრულად ამოღება იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს.

ბევრი თანამედროვე და პოპულარული დიეტა დღესაც ორიენტირებულია ნახშირწყლის სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვაზე. წარმოიდგინეთ სამუდამოდ ნახშირწყლის (ბურღულეული, პური, ხილი, ბოსტნეული) ამოღება რაციონიდან რა შედეგს მოგიტანთ, როდესაც მორჩებით დიეტას და დაიწყებთ მათ ხელახლა ჭამას, მალევე მოიმატებთ დაკლებულ კილოგრამებს. ნებისმიერი დიეტა ან კვების პროგრამა, რომელიც გამორიცხავს ცალკეულ მაკრო ნუტრიენტს, მსოფლიო წამყვან სამედიცინო კვლევითი ცენტრებისგან “წითელ დროშას” მიირებს, რადგან შესაძლოა ორგანიზმს მოაკლოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასარგებლო ნივთიერებები.

“დეტოქს დიეტები ასუფთავებს სხეულს მავნე ტოქსინებისგან”. გეტყვით, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ დიეტური წმენდა რეალურად ასრულებს იმას, რასაც გვპირდება. ჩვენი ღვიძლი, თირკმელები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მშვენივრად ახდენს ორგანიზმის წმენდას ადამიანის შექმნის დღიდან. თუ ამ გზით სხეულის გაახალგაზრდავება/გაჯანსაღება გსურთ, იკვებეთ ჯანსაღად და მიიღეთ ბევრი წყალი.

ყველაზე პოპულარული ტერმინი, 6-ის მერე არ ვჭამ. იგულისხმება, საღამოს 18:00 საათის შემდეგ საკვების აკრძალვა, იმ მიზეზით, რომ საღამოდან საკვების მიღება უფრო ასუქებს, ვიდრე დღის განმავლობაში. რეალურად ეს აკრძალვა ეხება ღამის საათებში უკონტროლო მაღალკალორიული საკვების მიღებას, ვინაიდან თუ კალორიულ დეფიციტში ეტევით, საღამოს საათებში კვება ვერ გაგასაქებთ.

გრეიფრუტი, ძმარი, მწვანე ჩაი და ა.შ. ცხიმს არ წვავს. არც ერთი საკვები/სასმელი არ წვავს ცხიმს ან არ აჩქარებს მეტაბოლიზმს ისე, რომ გავლენა მოახდინოს წონის კლების პროცესზე. მიირთვით, თუ გსიამოვნებთ, მაგრამ წონაში კლების მიზნით არა.

დაივიწყეთ სიტყვა “დიეტა”, მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაბალანსებული კვებითა და ცხოვრების სტილით მიაღწევთ სასურველ, გრძელვადიან შედეგს.

მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05