LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლევანდელი წელი გამორჩეული იყო, 10 თვის მონაცემებით, საქართველოში ფემიციდის 18 შემთხვევა დაფიქსირდა“ – რა უნდა გავაკეთოთ ფემიციდის პრევენციის მიზნით

158
ფემიციდი

ფემიციდი და ფემიციდის მცდელობა ნამდვილად  ჩვენს ქვეყანაში დაუძლეველ პრობლემად იქცა.

ამ მხრივ წლევანდელი წელიც გამორჩეული იყო.

რა არის მთავარი პრობლემა, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ფემიციდის პრევენციის მიზნით – თემაზე „ფორტუნა“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტს გოგა ხატიაშვილს ესაუბრა.

 

 

„აქცენტი კეთდება მომხდარ შემთხვევებზე და არა პრევენციაზე“, – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“ და მიიჩნევს, რომ „მნიშვნელოვანია,  გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობას გულისხმობს”.

„ფემიციდის მცდელობას გარკვეულწილად ისიც განაპირობებს, რომ მართლმსაჯულების ორგანოებს, შსს-დან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული, არ აქვთ კოორდინირებული და ერთიანი ხედვა მართლმსაჯულების განხორციელების.

მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების ყველა რგოლში და ყველა ეტაპზე  სწორად შეფასდეს რისკები და საფრთხეები, რომელიც შეიძლება მოძალადისგან მომდინარეობდეს.

თუ მართლმსაჯულების რომელიმე რგოლი უგულებელყოფს რისკებსა და საფრთხეებს, დადგება მძიმე შედეგი და გამოდის, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა, კრახს განიცდის.

იყო შემთხვევები, როდესაც გირაოთი გამოშვებული მოძალადის მხრიდან უფრო მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, იყო ფემიციდი, ან ფემიციდის მცდელობა, ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, რისკები სწორად უნდა შეფასდეს“, – ამბობს ხატიაშვილი „ფორტუნასთან“.

ექსპერტი მიმდინარე 2022 წლის მძიმე შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობა ყოველთვის პრობლემა იყო, უბრალოდ ბოლო პერიოდში დუმილი დაირღვა  და კიდევ უფრო ბევრი ადამიანი საუბრობს ამ კუთხით“.

„სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა მონაცემები:

2022 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოში ფემიციდის 18 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბევრად მაღალია მკვლელობის მცდელობის, ანუ ფემიციდის მცდელობის მაჩვენებელი. ასეთი  32 შემთხვევა დაფიქსირდა“, – ამბობს ექსპერტი.

ხატიაშვილის განმარტებით, ფემიციდი როგორც წესი სპონტანურად არ ხდება.  მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელი ფემიციდის რიცხვი საქართველოში მცირდებოდა, თუმცა წელს მონაცემები კვლავ გაუარესდა.

„2014 წელს დაფიქსირდა ფემიციდის ყველაზე ბევრი შემთხვევა. მერე ეს  მაჩვენებელი შემცირდა და წელს საკმაოდ მოემატა.

ფემიციდი უბრალოდ კულმინაციაა, მანამდე ქალი ექვემდებარება ძალადობის სხვადასხვა ფორმას. ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უბრალოდ ყველაფრის „დაგვირგვინება“ არის ხოლმე ფემიციდი.

ამიტომაც ვამბობთ, რომ რისკების განჭვრეტა შესაძლებელია.

  • უნდა მოხდეს იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც ძალადობის ჩამდენ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან.
  • უნდა შემუშავდეს სპეციალური მეთოდოლოგია, რომლითაც მოხდება რისკჯგუფებთან მუშაობა.

 

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს მოსამართლეთა ქცევის კორექტივას. იმ პირებთან მუშაობის შესაძლებლობასაც, რომლებმაც ძალადობა უკვე ჩაიდინეს“. – აცხადებს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, ქალების უმეტესობას, რომლებიც ითმენენ და ივიწყებენ ძალადობას, ფინანსური პრობლემები აქვთ.

„ფემიციდის პრევენცია გულისხმობს მსხვერპლების გაძლიერებასა და მათ მხარდაჭერას. მათ შორის ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვას.

ქალები ხშირად ითმენენ იმიტომ, რომ ფინანსურად არ არიან წელგამართულები და ქმრებზე არიან დამოკიდებული. ეს ძალადობის სისტემატურად თმენის ერთ-ერთი მიზეზია.

როდესაც ძალადობის შემთხვევა ხდება, მსხვერპლი მიდის პოლიციაში და ამის შესახებ განაცხადებს ხოლმე, მაგრამ მოგვიანებით მას განცხადება უკან მიაქვს და ამბობს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

მიზეზი ერთია – ქალი ეკონომიურად არაა დამოუკიდებელი, ის ვერ შეძლებს დამოუკიდებლად შვილების რჩენას.

თუ მსხვერპლმა თქვა, რომ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენებას აღარ აძლევს, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ქრება. ესაა ხოლმე ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმის, რომ გამამართლებელი განაჩენები გამოდის“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ხატიაშვილი.

ექსპერტი მამაკაცების მიერ ჩადენილი ძალადობის მიზეზზეც საუბრობს და განმარტავს, რატომ არ ერიდება მოძალადე საჯარო სივრცეში დანაშაულის ჩადენას.

„არაა დასამალი, რომ ამგვარ მკვლელობას ხშირად „მამაკაცური ღირსების“ საქმედ აღიქვამენ.  ეს ფემიციდს სხვა ტიპის მკვლელობისგან განასხვავებს.

როგორც წესი, მოძალადე არ ერიდება საჯარო სივრცეში ფემიციდის ჩადენას.

წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ასეთი შემთხვევებით, საჯარო სივრცეში ბევრი ფემიციდის შემთხვევა ვიხილეთ.  ეს იმის მცდელობაა, რომ დამნაშავემ საჯარო-სადემონსტრაციო აქტით ჩადენილი დანაშაულით, სხვების თვალში რეპუტაცია აღიდგინოს“. – ამბობს ხატიაშვილი „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, გენდერის ნიშნით, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა ისჯება  თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები