LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის სჯობს, სანამ სხვის თვალში ბეწვს მოძებნი, საკუთარში დირე აღმოაჩინო“ – სააკაშვილის „შავი სიების“ ინიციატივას ოპონენტები ეხმაურებიან

221
მიშა და შავი სიები

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ე.წ შავ სიებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და სხვა მის ოპონენტ პარტიებში ცალსახად ირონიული თუ უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა ამ სიაში, პირველ რიგში, თავისი თავი უნდა შეიყვანოს, ვინაიდან ქვეყნის სათავეში მყოფი პირები ფიქრობენ, რომ მას და მის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის წინაშე გაცილებით დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი.

დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის“ იდეას: მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტის ინიციატივას ე.წ შავ სიებთან დაკავშირებით, რომელშიც სააკაშვილის აზრით, უნდა შევიდნენ ის პირები, ვინც არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს იარაღი ჩაუდო, ვინც მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა და თქვა, რომ სააკაშვილმა ამ სიაში პირველ რიგში, თავისი თავი და მისი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები უნდა შეიყვანოს.

„ყოველთვის სჯობს, სანამ სხვის თვალში ბეწვს მოძებნი, საკუთარში დირე აღმოაჩინო. დაიწყოს თავის თავით და მერე ჩამოყვეს თავის პარტიის პოლიტსაბჭოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა თემის კომენტირებისას.

როგორც მანვე აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დამცველების პოზიცია საინტერესოა, როცა „კუდიანებზე ნადირობის ეს ქრონიკა აქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობას.“

„თუ ამ სიას თავის თავით დაიწყებს მიხეილ სააკაშვილი, კარგი იქნება. ყოველთვის სჯობს, სანამ სხვის თვალში ბეწვს მოძებნი, საკუთარში დირე აღმოაჩინო. დაიწყოს თავის თავით და მერე ჩამოყვეს თავის პარტიის პოლიტსაბჭოს.

ეს ემსახურება საზოგადოების დაზაფრავს, გაურკვევლობის სინდრომის შემოტანას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სურს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ ქვეყანა იყოს მუდმივი არასტაბილურობის მდგომარეობაში.

ეს „შავი სიაც“, რომელიც ყველაზე უფრო ფაშისტური და ბოლშევიკური ტრადიციების საუკეთესო გაგრძელებაა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული პრაქტიკის რეინკარნაციაა და ემსახურება ქვეყანაში მდგომარეობის არევას.

სხვათა შორის, საინტერესოა ადამიანის უფლებათა დამცველების რეაგირება ამ ე.წ. შავ სიებზე, როცა კუდიანებზე ნადირობის ეს ქრონიკა აქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მოსამართლეებთან დაკავშირებით „შავი სია“ კი არ უნდა გაკეთდეს, ამას უნდა ერქვას „მუგუზალივით შავი მოძალადეების სია“: რომან გოცირიძე

აღნიშნულზე განცხადება რამდენიმე დღის წინ, მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ „მიხეილ სააკაშვილი თავს დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა“.

ამ განცხადებით იონათამიშვილი სწორედ „შავი სიების“ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი არ გამორიცხავს, სააკაშვილმა სიაში საკუთარი თანაგუნდელებიც შეიყვანოს.

მისივე მოსაზრებით,მიხეილ სააკაშვილის „შავი სიების“ შექმნის ინიციატივა მის ძალადობრივ ბუნებაზე მიანიშნებს.

„მე ვურჩევდი სააკაშვილს კორუფციაზე საუბარი საკუთარი კორუფციული სქემებიდან დაიწყოს. ვის ვის და მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს ამ თემებზე ისაუბროს, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად კორუმპირებული მთავრობა იყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა: დავით სერგეენკო

დღეს ამ თემაზე განცხადება პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ წევრმა, ჰერმან საბომაც გააკეთა. მისი შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან „შავ სიასთან“ დაკავშირებით საუბარი სწორი არ არის.

„ასეთი რიტორიკით საუბარი არ მგონია, სწორი იყოს მაშინ, როდესაც თან შერიგებას ითხოვს ბატონი ყოფილი პრეზიდენტი. არასწორია, ახლანდელ გადაცდომებს გაუსვა ხაზი და ასეთი შავი სია შექმნა, როდესაც შენივე პერიოდში გადაცდომებზე შავი სია არ შექმნილა.

თუ შერიგება და ერთმანეთის პატიებაა, მაშინ ახლანდელიც უნდა ვაპატიოთ და მაშინდელიც. თუ არ ვპატიობთ და ომს ვაგრძელებთ, მაშინ შავი სიები ყველა პერიოდისთვის გვჭირდება და მაშინ ყველა უნდა დაისაჯოს, თუ ამ რიტორიკას მივყვებით“, –  განაცხადა ჰერმან საბომ.

რაც შეეხება „შავი სიისთვის“ საიტის შექმნას, ჰერმან საბოს მოსაზრებით, ასეთი რამ აზიანებს ადამიანებში სიმართლის განცდას და ძირს უთხრის ინსტიტუტებს.

„ლინჩის წესით გასამართლება და მოქალაქეების განწყობებზე დაფუძნებული სამართალი ძალიან საშიში და ბოროტი რამ არის. მაგის ნაცვლად, ყველა პოლიტიკურ ძალას ვურჩევდი, ეზრუნა და ესაუბრა იმაზე, რა უნდა ვქნათ სასამართლოს გასაჯანსაღებლად და იმ სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც დღეს ჩვენი მართლმსაჯულებაა.

ასეთი საიტების და სიების შექმნა აზიანებს ადამიანებში სიმართლის განცდას და ძირს უთხრის ისედაც ძირგამოთხრილ ინსტიტუტებს. იმის იმედსაც კი უწურავს ადამიანებს, რომ ოდესმე შეიძლება, ჩვენს სასამართლოს და პროკურატურას რამე ეშველოს“, – აღნიშნა ჰერმან საბომ.

„უცნაური წარმოდგენაა სამართლიანობაზე, რომ რომელიღაც პარტიამ შეიძლება, გადაწყვიტოს, ვინ უფრო აპრიორი დამნაშავეა“, – ამის შესახებ კი აღნიშნული თემის შეფასებისას „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„მე საერთოდ არ მომწონს ასეთი რაღაცები. ეს არის უცნაური წარმოდგენა სამართლიანობაზე, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ ან ლიდერმა პარტიამ შეიძლება, გადაწყვიტოს, ვინ უფრო აპრიორი დამნაშავეა. რა გამოვიდა, ოპოზიცია რომ მოვიდეს ძალაუფლებაში, მაშინ რა, ამ ხალხს დავსჯით გარანტირებულად, ისე, რომ სასამართლოსაც არ მოვაწყობთ?

ეს რაზე მიუთითებს და როგორი აღქმა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ასეთ შავ სიებს აკეთებენ… მე შეიძლება, ბევრი ადამიანი არ მომწონდეს, მაგრამ იმის მტკიცება, ეს ადამიანი ყოველთვის დამნაშავე იქნება და ასეთი ადამიანი წესიერ მოპყრობასაც კი არ იმსახურებს, ეს თავად დანაშაულია. არათუ არ ვემხრობი ამ ინიციატივას, არამედ ძალიან დიდი შეცდომაა პოლიტიკურიც და ადამიანურიც“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე პარტია „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიას, თანაგუნდელმა, მიხეილ დაუშვილმა ე.წ. შავი სიების შექმნის ინიციატივის შეფასებისას თქვა, რომ მას ამ იდეის შინაარსი საერთოდ არ ესმის.

დაუშვილის შეფასებით, თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება, გამოძიება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილს სააკაშვილზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ პროტესტის რა ფორმას მიმართავს პატიმარი, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

გახარიას პარტიის დეპუტატები სააკაშვილის არც იმ ინიციატივის მხარდაჭერას აპირებენ, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს

„შიმშილობა პროტესტის ფორმაა, რომელიც არის ლეგიტიმური და ჯდება კანონში. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ბატონი სააკაშვილის მოპყრობასთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს, ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. რა პროცესები მოჰყვება, ამას დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არც დეპოლარიზაციის კუთხით და არც პოლიტიკური კრიზისის დაძლევის კუთხით არ არის. მეტსაც გეტყვით, ორი ერთმანეთთან აცდენილი პროცესი მიდიოდა.

ერთის მხრივ, ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ე.წ. ეროვნული შერიგება მოხდეს და ამასთან, ვხედავდით პროტესტის უკიდურეს ფორმებს, რაც რეალურად პროცესს რომ შეხედო, შეუთავსებელი იყო. ეს არის მისი უფლება, პროტესტის რა ფორმას მიმართავს. რაც შეეხება ე.წ. შავ სიას, მე არ მესმის შავი სიის შინაარსი. მესმის ერთი რამ, თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება, გამოძიება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება. შავი სიის შინაარსი ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა დაუშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები