თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება და აცხადებს, რომ „არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს“.
მისივე თქმით, „ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“.
„საერთოდ ყველაფერი დადგმულია – მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნებიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარკამპანია. ყველა დამნაშავე, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე“, – აცხადებს კალაძე.
თბილისის მერი სააკაშვილის შეწყალების საკითხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს „პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე მისთვის და მისი კარიერისთვის, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება“.