საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოცნება კარგად ჩაცმული, ეკიპირებული და გაწვრთნილი ჯარია. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უკვე დაგეგმა შესაბამისი ღონისძიებები.
“ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნივნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები დავგეგმე, რომელიც ჩემ გუნდთან ერთად წამოვიწყე და მას წარმატებით მივყვები”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
მინისტრის თქმით, მაისში სამხედრო ქალაქის მშენებლობას დაიწყებენ და ასევე, 250 ობიექტის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებენ. ღარიბაშვილი სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, ყველა წამოწყებული პროექტის დასრულებას გეგმავს.
„მაისისთვის ჩვენ დაახლოებით 5 ათას მუშა-მოსამსახურეს დავიქირავებთ 250 ობიექტის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ამისთვისაც ძალიან ზუსტი პროტოკოლი გვაქვს გაწერილი. მშენებლებს ექნებათ ცალკე დერეფანი და იზოლირებული შესასვლელი სამუშაო ტერიტორიაზე. ყველაფერი ცალკე ექნებათ მოწყობილი ისე, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ ჩვენ სამხედროებთან. აქედან გამომდინარე არ ვგეგმავთ არაფრის შეჩერებას და წლის ბოლომდე, გამოყოფილი ბიუჯეტის 100 მილიონის ფარგლებში ჩვენ ამ პროექტების დასრულებას ვგეგმავთ“ – აღნიშნავს მინისტრი.
თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, ერთ თვეში ქართული ჯარი იქნება ჩაცმული და აღჭურვილი საუკეთესო, ამერიკული სტანდარტით და ექნებათ იგივე ფეხსაცმელი, რაც დღეს გერმანიის არმიას აქვს. ღარიბაშვილი შეიარაღების მიმართულებით სიახლეებსაც გეგმავს და განმარტავს, რომ ამის შესახებ საზოგადოებას მალე გააცნობს.