“ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი, საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შემოჭრა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევის დაბომბვის შემდეგ, მოსახლეობასთან მიმართვის დროს განაცხადა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რაც უფრო სწრაფად დაიწყება ეს საუბარი, მით უფრო ნაკლები დანაკარგი იქნება, მათ შორის რუსულ მხარესაც:
“უკრაინელები აჩვენებენ ნამდვილ გმირობას. რუსული ჯარი ბევრი მიმართულებით შევაჩერეთ. მიმდინარეობს ბრძოლა, რუსეთის თავდასხმა გრძელდება. ისინი ცდილობენ, დაგვღალონ, მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით.
ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი, საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შემოჭრა. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ეს საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი, მათ შორის რუსულ მხარესაც”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვის დროს აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც:
“ისინი ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტები არ არის მათი სამიზნე, ეს ტყუილია, ისინი არ უყურებენ, სად მოქმედებენ. დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ამ თავდასხმის სამიზნე არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე ჩემო მოქალაქეებო, ზეწოლა მთელს საზოგადოებაზე”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველა სიახლეს გაეცნობით აქ.
რუსეთის მოქალაქეებს, ვინც აქციებზე გამოდის – გხედავთ, იბრძოლეთ ჩვენთვის: ვოლოდიმირ ზელენსკი