LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: როგორც პრეზიდენტის, ჩემი საქმე არ არის, პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო

438
სალომე

11 წელი გავიდა და 11 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთი ტრაგედია ემატება, ეს არის ის, რომ 11 წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ვერ დავძლიეთ ოკუპაცია, – მის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი განმარტებით, ქვეყანაში სტაბილურობა ვერ იქნება, სანამ გაყინული ოკუპირებული ტერიტორიები იარსებებს.

„11 წელი გავიდა და იმ ტრაგედიას, რაც მოხდა 11 წლის შემდეგ, კიდევ ერთი ტრაგედია ემატება და ეს არის ის, რომ ამდენი წლის მერე ჩვენ კიდევ ვერ დავძლიეთ ოკუპაცია. ამდენად, ჩემი მთავარი, დღევანდელი მოვალეობა არის მომავალზე ფიქრი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს, რომ ამ ქვეყანამ კიდევ არ განიცადოს ის ძალიან მძიმე ხვედრი, რაც ნიშნავს ომს, დაღუპულებს და დაკარგულ ტერიტორიებს; მეორე მხრივ, რა უნდა გავკეთოთ იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია არ დარჩეს, როგორც გაყინული საკითხი იმიტომ, რომ გაყინული საკითხები აუტანელია. სტაბილურობა ვერ იქნება, ვიდრე ეს გაყინული ოკუპირებული ტერიტორიები იარსებებს. ამდენად, ამაზე უნდა ვიფიქროთ, წინ უნდა ვიყუროთ.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი უპირველესი მოვალეობაა ფიქრი იმაზე, რომ პარტნიორებთან ერთად გამოყენებულ იყოს ყველა საშუალება ოკუპაციის დასაძლევად.

„პირველ რიგში, ჩემი ვალია, ვიფიქროთ, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რაც შეიძლება, არსებობდეს იმისთვის, რომ დავძლიოთ ოკუპაცია, ქვეყანა გაერთიანდეს და წავიდეს თავის გზაზე, რომელიც არის ძალიან ნათელი და, რომლის წინ არაფერი უნდა იდგეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა გაერთიანება და არა ერთმანეთის დაპირისპირება.

„მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, ვიდრე პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არ არის, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე. მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა ჩვენ, არც ჰააგაში და არც არსად ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს, მაგრამ ის, რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთხელ დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამით ჩვენ საქართველოს ყველა მტერს, ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, გარე მტრებთან ერთად ის ქმნის ხვალინდელ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის. ამიტომ ამაზე უნდა დაფიქრდეთ, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და არა ერთმანეთთან დაპირისპირება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მათ გვირგვინებით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე გმირთა მემორიალი.

დაღუპულთა ხსოვნას მემორიალთან მიაგებენ პატივს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები.