ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რატიანის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება დღემდე არაეფექტიანად და უშედეგოდ მიმდინარეობს. EMC -ის განცხადებით, მიუხედავად საკმარისი საფუძვლის არსებობისა, ბრალი არ წაყენებია ინციდენტში მონაწილე არც ერთ პოლიციელს.
“გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები. ზვიად რატიანს არაერთხელ თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული დაზიანებების მიყენებისა და ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დაყოვნების მიზეზები”, — წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ EMC პრობლემურად მიიჩნევს საქმის კვალიფიკაციის საკითხსაც. მათი თქმით, გამოძიება მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს.
„ამ საქმის გარდა, ეროვნული მექანიზმების სრულად ამოწურვის შემდეგ, EMC ზვიად რატიანის სახელით სტრასბურგის სასამართლოში ასევე იდავებს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის დაკავებისას ვიდეო ჩანაწერების უკანონო გადაღებას და შემდგომში მის გავრცელებას უკავშირდება“- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში
პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკვეს. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ, სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
2018 წლის 2 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქარტიის პრინციპები დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ და ვებ გვერდის რედაქტორმა, ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის ცნობით, პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, მეათე პრინციპი კი ამბობს, რომ “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას […]
რატიანმა ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვა. რატიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.