ბევრი გულშემატკივარი მყავს, ყველას უნდა, რომ სწორედ მე წარვადგინო ჩვენი ქვეყანა ,,ევროვიზიის" კონკურსზე - ,,არტ-FM"

გადაცემის ლაივი LIVE

21 სექტემბერს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” მომღერალი ნუცა ბუზალაძე სტუმრობდა შემოქმედებითი სიახლეებითა და ახალი სიმღერის ,,სულ ეს არის” პრემიერით.

–  გლობალური პანდემიის მიუხედავად, მაინც უამრავ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობ. საინტერესოა, ახლა რა სიახლეები გაქვს?

– სამწუხაროდ, საქართველოში შეზღუდულია საკონცერტო მოღვაწეობა, თუმცა ზაფხულში მაინც მოვასწარი რამდენიმე საღამოს გაკეთება. ახლო მომავალში სომხეთში ვგეგმავ კონცერტის მოწყობას, სადაც რეგულაციები არ მოქმედებს, მერე კი, ალბათ თურქეთში გავემგზავრები გასტროლებით. ძალიან მიხარია, რომ ოქტომბრის დასაწყისში ჩემი ორი ვიდეოს პრემიერა შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი ინგლისურენოვან სიმღერაზე იქნება. ძალიან ბევრი უცხოელი გულშემატკივარი მყავს, ვისაც ქართული არ ესმის, ამიტომ სიმღერის ინგლისურად ჩაწერა გადავწყვიტე.

– ვინ დაგეხმარა ახალი სიმღერის მომზადებაში?

– მართალია, სიმღერა ცნობილ ებრაელ შემსრულებელს ელ გოლანს ეკუთვნის, მაგრამ მე მისი შესრულების უფლება მივიღე. ძალიან მომეწონა მელოდია, ჩავთვალე, რომ ქართულადაც კარგად გაჟღერდებოდა და გადაკეთება გადავწყვიტე. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, რომელსაც ძალიან ვთხოვე ძველისგან და ბავშვურისგან განსხვავებული, ბევრად ზრდასრული ტექსტი დაეწერა, რომელსაც ყველა ქალი გულთან ახლოს მიიტანდა. ცოტა ლირიული სიმღერა გამოვიდა, მაგრამ კომპენსირებას იმ მხიარული კომპოზიციებით ვგეგმავ, რომლებზეც ახლა ვმუშაობ.

– როგორც ვიცი, მალე ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავ,

– ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი ახალი სიმღერა მაქვს მზად, დანარჩენი შვიდი სავარაუდოდ ქართულენოვანი იქნება. ზოგადად, პერფექციონისტი ვარ, ყველაფრის იდეალურად კეთება მიყვარს, ამიტომ ბევრის გადაკეთება და თავიდან ჩაწერა მიწევს. მართალია, მეტი დრო მეხარჯება, მაგრამ მირჩევნია ნელა გავაკეთო, მაგრამ ხარისხიანად.

– რა სიახლე გაქვს პირად ცხოვრებაში?

– ძალიან არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. არასდროს არავინ არ იცის, რომ შეყვარებული ვარ, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ვეპრანჭები, თუმცა სერიოზულ ურთიერთობაზე ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი.

– როდის მიხვდი, რომ გაიზარდე და თვითონ ხარ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე?

– 16 წლისამ თვითონ ავირჩიე დამოუკიდებელი ცხოვრება. მართალია, უამრავ სირთულეს შევეჯახე, მაგრამ სწორედ მათი დაძლევით შევძელი გაზრდა და პიროვნებად ჩამოყალიბება.

– ვისი აზრია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ყველას აზრი მაინტერესებს, თუმცა ძალიან ჯიუტი ვარ, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ.

– ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემდეგ წელს შენ წარადგენ საქართველოს “ევროვიზიის” მუსიკალურ კონკურსზე,

– ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა კონკურსის მესვეურებს მართლაც შევხვდი, დავინტერესდი, რა იყო საჭირო სრულფასოვნად მომზადებისთვის. სხვათა შორის, ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს, ყველას უნდა, რომ სწორედ მე წარვადგინო ჩვენი ქვეყანა კონკურსზე. მართლაც უზარმაზარი მოტივაციაა ამგვარი გულშემატკივრობა და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი თაყვანისმცემელი მყავს.

– საყვარელი მუსიკოსი, ვისაც ეტალონად თვლი?

– მაიკლ ჯექსონი. ძალიან ბევრი მომღერალი მომწონს, მაგრამ ჯექსონს მაინც ვერავინ შეედრება.

  Ad desktop banner Ad mobile banner