LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს თუ არა ჯანსაღი თვითშეფასება – FM ქოუჩი

24
ნინო-ეფხოშვილი

გვაქვს თუ არა ჯანსაღი თვითშეფასება? – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი“ქოუჩმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.

რაში გვეხმარება ჯანსაღი თვითშეფასება?

ჯანსაღი თვითშეფასება არის ის აუცილებელი პირობა, რაც ინდივიდის და საზოგადოების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ჩვენ ხშირად გვსმენია დაბალი ან მაღალი თვითშეფასების შესახებ, ასევე საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ, თითქოს, ,,მაღალი თვითშეფასება” კარგია და გვეხმარება წარმატების მიღწევაში.

სინამდვილეში, დაბალი და მაღალი თვითშეფასება, ასე ვთქვათ, ერთმანეთის შებრუნებული ვერსიებია და არცერთია სასარგებლო, პირიქით, შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს.

როგორია დაბალი თვითშეფასება?

,,დაბალი თვითშეფასების” ადამიანს მაღალი კომპეტენციები და დაბალი ღირებულება აქვს, ანუ უჭირს საკუთარი თავის მიღება შედეგების გარეშე, ამიტომ მთელი ცხოვრება არის შედეგების დევნაში და მთელი თავისი თვითშეფასება შედეგებზე აქვს მიბმული. ერთხელაც ასეთი ადამიანი ვერ დადებს შედეგს (ყოველთვის არ გამოგვდის ყველა სასურველი შედეგის მიღწევა და ეს ნორმალურია) და მთელი მისი თვითშეფასება ჩამოინგრევა და ადამიანი შესაძლოა სუიციდამდეც მივიდეს.

რას აკეთებს „მაღალი თვითშეფასების“ ადამიანი?

,,მაღალი თვითშეფასების” მქონე ადამიანს აქვს მაღალი ღირებულება და არ აქვს შესაბამისი კომპეტენციები. ასეთი ადამიანები საკუთარი თავდაჯერებულობით, შესაძლოა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე იყვნენ წარმატებული, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ისინი აუცილებლად მოხვდებიან გარემოში, სადაც მოთხოვენ კომპეტენციებს, რომლებიც არ აქვთ და ამ დროს მოხდება მათი თვითშეფასების ნგრევა და ასეთი ადამიანები გამოსავალს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებებში (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თამაში და ა.შ.) პოულობენ.

რას გულისხმობს ჯანსაღი თვითშეფასება?

ჯანსაღი თვითშეფასება გულისხმობს ღირებულებების და კომპეტენციების ბალანსს, როცა იღებ საკუთარ თავს და გიყვარს ის, ისეთი როგორიც არის (უპირობოდ) და, პარალელურად, მუდმივად მუშაობ კომპეტენციების გაუმჯობესებაზე. აქ ხშირად ადამიანებს უჩნდებათ კითხვა _ თუ საკუთარ თავს უპირობოდ მივიღებ, მაშინ მის გაუმჯობესებას რატომღა ვეცდები? საქმე ისაა, რომ არსებობს ,,კომფორტის” და ,,დისკომფორტის” მოტივაციის ტიპები. პირველი განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, როცა ჯანმრთელი ვარ და მაინც მივდივარ ექიმთან საპროფილაქტიკოდ, როცა კარგად გამოვიყურები და მაინც ჯანსაღად ვიკვებები და ვზრუნავ ჩემი სხეულის ფორმებზე, მაშინ როცა განვითარებად ქვეყნებში ადამიანები მხოლოდ მაშინ მიდიან ექიმთან, როცა ავად არიან, ან მხოლოდ მაშინ იწყებენ ჯანსაღ კვებას, როცა წონაში მოიმატებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანები მთელი ცხოვრება დანაკლისების ამოვსებას ცდილობენ და, შესაბამისად, უჭირთ წინსვლა. თუ ,,კომფორტის მოტივაციის” ტიპს ავირჩევთ, მივიღებთ საკუთარ თავს უპირობოდ და მაინც ვეცდებით რომ გავუმჯობესდეთ, ასეთ შემთხვევაში წინსვლა უფრო მარტივია და სასიამოვნო.

ბავშვების შემთხვევაში, მშობელი მუდმივად უნდა ცდილობდეს შვილთან ამ უპირობო სიყვარულის ტრანსლირებას სიტყვებით თუ ქცევებით და, პარალელურად, უნდა წაახალისოს ბავშვის ძალისხმევა, ანუ არა შედეგი, არამედ ის ძალისხმევა რაც ბავშვმა ამ შედეგისთვის გაიღო.

და ბოლოს, როგორ უნდა მივხვდეთ რომ ჩვენი თვითშეფასება ჯანსაღია? მარტივად, თუ თავი არც ვინმეზე მეტი გგონია და არც ვინმეზე ნაკლები, არასდროს ედრები სხვებს და მუდმივად მხოლოდ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე მუშაობ, ასევე იცი რომ საკუთარი თავის მიღება და სიყვარული უპირობოდ მნიშვნელოვანია და ეს ხელს კი არ გიშლის კომპეტენციების გაუმჯობესებაში, არამედ, პირიქით, გეხმარება, მაშინ შენი თვითშეფასება ჯანსაღია და ეს არის საფუძველი შენი წინსვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები