LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

10
47571734_368022660621443_5809269861448155136_n

„რას უსმენენ ცნობილები“ გადაცემა, რომელიც რადიო ფორტუნას” ეთერში გადის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს.

ამჯერად გადაცემას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრობდა. როგორ შეარჩია გადაცემის სტუმარმა 7 საყვარელი სიმღერა, ამას „ფორტუნას“ მსმენელი გადაცემიდან შეიტყობს.

მუსიკა ეს არის ადამიანის შუა წერტილი ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის, მატერიალურ სამყაროსა და სულიერ სამყაროს შორის. მაგალითად ასტროლოგია ყველასთვის არ არის და ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს. შეიძლება ინტერესი ყველას ჰქონდეს, მაგრამ აღქმა აბსოლუტურად სხვადასხვაა. როდესაც ჩემთან მოდიან მუსიკოსები, ხელოვანები, მათ სულ სხვა აღქმა აქვთ, სხვა კითხვები აქვთ და სიღრმისეულად აინტერესებთ ყველაფერი, ვიდრე სხვა დანარჩენს. მუსიკა ეს საოცარი რამ არის, ამიტომ საკმაოდ რთულია, აირჩიო 7 სიმღერა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცუდ ხასიათზეც დავდექი, უამრავი გენიალური მუსიკოსიდან რომ მიწევს არჩევა, მაგრამ მოდით დავიწყოთ (იღიმის)

მეშვიდე ადგილი – Queen – Bohemian Rhapsody. მოსმენისთანავე ვიფიქრე, რომ როცა ამ სიმღერას წერდნენ, ალბათ ამ სამყაროში ნამდვილად არ იყვნენ. ბევრი კარგი სიმღერა აქვთ, მაგრამ აქ რაღაც სხვა ფერია, მისი წყობა, მისი მელოდიური მხარე, მისი ხმებში გაშლა – ეს ყველაფერი ნამდვილად სასწაულია. ამიტომ ეს სიმღერა ნოსტალგიურ დროში გადაგიყვანთ.

მეექვსე ადგილი – James Brown – It’s A Man’s Man’s Man’s World. ეს სიმღერა ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან მომწონდა. სხვათაშორის ბევრს არ ახსოვს, ძალიან ადრე, კერძო მოწვევით თბილისში იყო ჩამოსული ჯეიმს ბრაუნი და ლაგუნა ვერაზე გამართა კონცერტი. კარგად მახსოვს, რა საოცრება დაატრიალა იქ. მისი შემოსვლა სცენაზე, მისი გასვლა საოცრება იყო. კონცერტი რომ დასრულდა, ალბათ 2 წუთი ტაშიც არ იყო, იმიტომ რომ მაყურებელი შოკში იყო. მან და ლუჩიანო პავაროტიმ ეს საოცარი კომპოზიაცია შექმნეს, რომელსაც ახლა მოვისმენთ. ლუჩიანო სასწორია, ჯეიმს ბრაუნი ტყუპები და მათ აქვთ საოცარი იმპროვიზაციის უნარი.

https://www.youtube.com/watch?v=gb-B3lsgEfA

მეხუთე ადგილზეა Norah Jones – Don’t Know Why. საოცრად ლამაზი და ლირიკული სიმღერა, რომელსაც ნებისმიერ დროს ვუსმენ, მითუმეტეს თუ ზღვაზე ვარ, თუ ჩადის მზე…

მეოთხე ადგილზეა – Michael Buble – Quando Quando. ამ სიმღერის არაერთი ვერსი მაქვს მოსმენილი, მაგრამ ამ ადამიანის შესრულების მანერა და ხმა გასაოცარია. სიმღერის რითმი კომპოზიციურად კარგად გადაწყვეტილია და ყოველთვის ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს. ამიტომ ეს სიმღერა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

https://www.youtube.com/watch?v=lXX1Oq7lGE4

ზოდიაქოს ნიშნები დიდ გავლენას ახდენს მუსიკოსზე. მაგალითად, გახსოვთ ალბათ პოლ მაკარტნის და ჯონ ლენონის შერწყმა და შემდეგ კონფლიქტი. ეს პირველ რიგში მეუღლეებით იყო განპირობებული. როგორც კი მათ ცხოვრებაში შემოვიდნენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნები, მომენატლურად აერიათ ურთიერთობა, მითუმეტეს რომ სასწორი და ტყუპები გადასარევად გრძნობენ თავს ერთად.

მესამე ადგილზეა Diana Krall – The Look Of Love. საოცარი ჯაზური კომპოზიციაა. მე მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი მის კონცერტს ბათუმში. ეს არის შემსრულებელი, რომელსაც შესრულების განსაკუთრებული მანერა აქვს და ხშირად ვუსმენ.

მეორე ადგილზეა Joe Cocker – You are so beautiful. ჩემი ვარსკვლავური ძმა (იღიმის) კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული. კარგად მახსოვს ვუტსტოკის ფესტივალი, სადაც პირველად გავიგე მისი ხმა. წარმოიდგინეთ ხრინწიანი, არნახულად ძლიერი ხმით შემოგვთავაზა ეს საკმაოდ ლირიკული სიმღერა. როცა ამ სიმღერას ვუსმენ, საოცრად დიდ სიამოვნებას განვიცდი და სხვა სამყაროში ვიმყოფები.

პირველ ადგილზეა Beatles Because. მათ გარეშე ჩემი ცხოვრება ნულია. ამ ჯგუფმა შემოიტანა და ჩემში გააღვიძა განსაკუთრებული ინტერესი თანამედროვე მუსიკისადმი. ყველამ იცის მათი ძალიან ბევრი კომპოზიცია, მაგრამ მე მინდა პირველ ადგილზე წარმოგიდგინოთ რექვიემი. აი ასეთი ლირიკული და ხმებში გაშლილი სიმღერა ალბათ ბევრს არ მოსუმენია. ვთვლი, რომ ეს არის მათი რექვიემი, სადაც სინანულიც და წარსულზეც ფიქრიც არის ჩადებული. ამიტომ ამ სიმღერით გემშვიდობებით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები