LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიროვნული ღირებულებების როლი წარმატების მიღწევაში – FM ქოუჩი

75
ani-sichinava..

გადაცემის ლაივი LIVE

რას ვეყრდნობით, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვღებულობთ ცხოვრებაში? რატომ ხდება, რომ ხშირად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სხვას ნაკლებად მნიშვნელოვნად ეჩვენება და პირიქით? რა გვაძლევს ენერგიას ესა თუ ის საქმე ენთუზიაზმით ვაკეთოთ? რა გვეხმარება, რომ იქ მივიდეთ, სადაც ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ვერსია წარმოგვიდგენია? ან პირიქით, როგორ ვხვდებით, რომ ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდოდა? გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ანი სიჭინავა.

რა არის გასათვალისწინებელი წარმატების მიღწევისთვის?

. დაუსახეთ საკუთარ თავს მიზანი, მაგრამ ვერ მიაღწიეთ და შუა გზაში დანებდით.
. ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრება ან კარიერა არ შეესაბამება იმ სასურველ და საოცნებო ვერსიას, რომელიც თქვენ გსურთ რომ გქონდეთ.
გაგჩენიათ რაღაცის გაკეთების სურვილი, მაგრამ გიფიქრიათ, რომ ეს „არაპრაქტიკულია“ ან ახლა სხვა რაღაც „უნდა“ გააკეთოთ.
. ვიღაცამ თქვა ან გააკეთა რაღაც ისეთი, რასაც რადიკალურად არ ეთანხმებოდით, მაგრამ გაჩუმებულხართ და არ გამოგიხატავთ თქვენი აზრი. . . შემდეგ კი ამის გამო საშინელი დისკომფორტი და ზოგჯერ დანაშაულის განცდაც კი გიგრძვნიათ.

თუკი ერთხელ მაინც განგიცდიათ მსგავსს სიტუაციაში თქვენი თავი, დიდი ალბათობით წინააღმდეგობაში ყოფილხართ თქვენს პიროვნულ ღირებულებებთან. ასეთი სიტუაციები მუდმივ სტრესში გამყოფებთ და ამცირებს თქვენს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას. შესაბამისად ხელს გიშლით თვითრეალიზებაში, წინსვლასა და წარმატებული ცხოვრების მოწყობაში.

როდესაც ადამიანი ცხოვრობს მის პიროვნულ ღირებულებებთან შესაბამისობაში, ის კონცენტრირებულია იმის კეთებაზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად თავს უკეთესად გრძნობს.

რა არის ცენტრალური პიროვნული ღირებულებები?

ცენტრალური პიროვნული ღირებულებები არის ძირითადი, ურყევი რწმენები იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ისინი განსაზღვრავს, რა არის მისთვის სწორი და არასწორი, როგორ უნდა იცხოვროს და როგორი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს სხვებთან. ღირებულებები არის საყრდენი წერტილი გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად ადამიანის ქცევებიც უმეტესწილად მისი ძირითადი ღირებულებებითაა განპირობებული.

მაგალითად, თუკი ადამიანის ძირითადი ღირებულებაა გულწრფელობა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის, შეძლებისდაგვარად ყველა სიტუაციაში თქვას, რას ფიქრობს და აზრები გამოხატოს ღიად და გულწრფელად.

ჩვენი ცენტრალური ღირებულებების პოვნა გვეხმარება იმის გაგებაშიც, თუ რა მისწრაფებები და გატაცებები გვაქვს ცხოვრებაში. მაგალითად, თუკი ადამიანისთვის ცენტრალური ღირებულებაა „განვითარება“, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განიცადოს პროგრესი, ყოველდღე გადადგას ნაბიჯები საკუთარი განვითარებისთვის. მაგალითად, ყოველდღიურად ისწავლოს ან გამოიმუშავოს რაღაც ახალი უნარი ან მიიღოს ახალი ინფორმაცია. ეს ხდება მისი ცხოვრების წესი.

რაში გვეხმარება საკუთარი პიროვნული ღირებულებების გაგება და გააზრება?

ყოველდღიურად მრავალი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ზოგჯერ კი ჩვენთვის ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების. ასეთ დროს დიდი შინაგანი წინააღმდეგობები გვაქვს და გარემოსგანაც მუდმივ წნეხს განვიცდით. ეს განპირობებულია თანამედროვე ცხოვრების წესით, რაც ჩვენში იწვევს მუდმივ შფოთვასა და დაძაბულობას. ასეთ გარემოში სტრესის შემცირება და ცხოვრებისგან მეტი სიხარულის და ბედნიერების შეგრძნება შესაძლებელია, თუკი ვკონცენტრირდებით ჩვენს პიროვნულ ღირებულებებსა და მიზნებზე.  ეს დაგვეხმარება უამრავიდან გამოვარჩიოთ ჩვენთვის პრიორიტეტული და დრო და ენერგია მივმართოთ მისკენ.

გარდა ამისა, ჩვენი პიროვნული ღირებულებების გააზრება დაგვეხმარება მუდმივი იმედგაცრუებისა და ბრაზის თავიდან აცილებაში. მაგალითად, თუკი ადამიანის ცენტრალური ღირებულებაა სამართლიანობა, ის მუდმივ იმედგაცრუებას განიცდის ისეთ სამუშაო გარემოში, სადაც მიღებულია სუბიექტური, მიკერძოებული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ეს შესაძლოა სულაც არ ეხებოდეს მას, მაგრამ ეხებოდეს სხვებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ადამიანები ვინც მსგავს უთანასწორო დამოკიდებულებას ავლენენ, მისი გაღიზიანების წყარო ხდება. მაგრამ როგორც კი ეს ადამიანი გააცნობიერებს, რომ მისი ცენტრალური ღირებულება სწორედ სამართლიანობაა, მისთვის ადვილი ხდება მსგავს სიტუაციებში ადამიანებთან ურიერთობის მართვა. მან იცის, რა იწვევს მასში ბრაზს, რას ვერ იტანს ადამიანებში და ეს მას ეხმარება იპოვოს გზები, მართოს საკუთარი თავი და არ მოექცეს ბრაზის და იმედგაცრუების ტყვეობაში. ან შესაძლოა მოძებნოს ისეთი სამუშაო გარემო, სადაც სამართლიანობა და თანასწორობა დაფასებულია და წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ ღირებულებას.

ზოგჯერ იმის ცოდნაც კი, თუ რატომ ვგრძნობ თავს იმედგაცრუებულად, მეხმარება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და წინსვლაში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ხშირად ვკითხოთ საკუთარ თავს, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, ვიცხოვროთ, სწორედ ამ მისთვის და არ დავკარგოთ დრო და ენერგია სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან რაღაცეებში. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მივყვებით დინებას და ვცხოვრობთ უბრალოდ იმით, რაც ჩვენთვის მოაქვს გარემოს. წარმატება კი მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ჩვენ ვიღებთ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.

ამიტომ დაუთმეთ დრო საკუთარი ცენტრალური ღირებულებების პოვნას და იდენტიფიცირებას. ისინი გახდება თქვენი წარმატებული ცხოვრების გზამკვლევი, რადგან როცა გეცოდინებათ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და როდის გრძნობთ თავს კარგად, არცერთ წუთს არ დაკარგავთ ისეთ რამეებში, რაც არ არის თქვენთვის ფასეული.

როგორ ვიპოვოთ ჩვენი ღირებულებები?

პირველ რიგში, დაუსვით თქვენს თავს შემდეგი კითხვები და ჩამოწერეთ გულწრფელი პასუხები:

1. გაიხსენე ის დრო, როცა ყველაზე კარგად გრძნობდი თავს და იყავი შენი თავის „საუკეთესო ვერსია“ (მათ შორის ბავშვობის პერიოდიც). რატომ, რა ხდებოდა მაშინ?
2. როდის გრძნობ თავს კარგად? რა იწვევს შენში ღიმილს, დადებით ემოციებს? რა გავსებს სიცოცხლით და ენერგიით?
3. რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად? რა არის ის საქმიანობა ან აქტივობა, რომლის შესრულებისას დროის შეგრძნებას კარგავ?
4. რას თვლი შენს ყველაზე დიდ მიღწევებად?
5. ვინ იყო შენს ცხოვრებაში ის ადამიანი, რომელიც შენთვის შთაგონების წყარო იყო და მისი რა თვისებები შთაგაგონებდა ყველაზე მეტად?
6. რა თვისებები მოგწონს და აფასებ ყველაზე მეტად სხვა ადამიანებში?
7. ვისი ცხოვრება მოგწონს ყველაზე მეტად? ვისი გშურს? რატომ?
8. რა პიროვნული თვისებებია მიუღებელი შენთვის (სხვა ადამიანებში ან საკუთარ თავში)? რა თვისებები ან ქცევები გაღიზიანებს სხვა ადამიანებში?
9. გაიხსენე, დრო როცა თავს გრძნობდი არაეფექტურად, არაპროდუქტიულად ან შენი ძალისხმევა იყო ამაო და ტყუილად გაწეული? რატომ, რა ხდებოდა მაშინ?
10. წარმოიდგინე, რომ გაქვს შესაძლებლობა, მთელმა მსოფლიომ მოგისმინოს და ამისთვის გაქვს 5 წუთი? რას ეტყოდი?
11. წარმოიდგინე, რომ არ გაქვს შიშის გრძნობა? როგორ მოიქცეოდი? რა შეიცვლებოდა შენს ცხოვრებაში?
12. როგორ მოიქცევი, გარანტირებული შემოსავალი რომ გქონდეს? ფულის შოვნა შენი საზრუნავი რომ არ იყოს?

ჩამოწერილ პასუხებში შესაძლოა გამოიკვეთოს ძალიან ნათელი ღირებულებები. მაგალითად, თუკი თავს კარგად გრძნობ თბილ და სიყვარულით სავსე ურთიერთობებში, ან მოგწონს თბილი და მოსიყვარულე ადამიანები, ან მთელ მსოფლიოს მოუწოდებდი, რომ ერთმანეთის სიყვარული გადაჭრის ყველა პრობლემას, მაშინ თქვენი ცენტრალური ღირებულებაა „სიყვარული“. ან თუკი თქვენი შთაგონების წყარო გახდა რომელიმე აქტივისტი ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, შესაძლოა თქვენი ღირებულებებია სიმამაცე, მშვიდობა ან სამართალი. გააჩნია რა კავშირი და მსგავსება ექნება სხვა კითხვებზე პასუხებთან.

გამოყავით ყველა ღირებულება და შეეცადეთ დაიყვანოთ ისინი მაქსიმუმ 10 ღირებულებამდე. შემდეგ კი გამოყავით ამ 10 ღირებულებას შორის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ზოგჯერ შესაძლოა სხვადასხვა ღირებულებაში ერთსა და იმავეს გულისხმობდეთ. ასეთი ღირებულებები შეგიძლიათ თამამად გააერთიანოთ. მაგალითად, თუკი გიწერიათ გულწრფელობა და პატიოსნება, შეგიძლიათ ორივე ერთში გააერთიანოთ და თქვენთვის იგულისხმოთ მეორე მათგანიც.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების გამოყოფა აუცილებელია, რადგან ის გაძლევთ ნათელ წარმოადგენას, რა გახდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ან რა მიზნის მიღწევას დაუთმობ ყველაზე დიდ დროს. მაგალითად, თუკი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა „ჯანმრთელობა“, თქვენი ცხოვრების წესად იქცევა ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი კვება. ან თუკი თქვენი ცენტრალური ღირებულებაა „თავგადასავლების ძიება“, დღეიდანვე დაიწყებთ თქვენი საოცნებო მოგზაურობის დაგეგმვას.

დაისახეთ მიზნები თქვენი ღირებულებებიდან გამომდინარე…

მას შემდეგ, რაც აღმოაჩენთ თქვენს ძირითად პიროვნულ ღირებულებებს, კითხეთ საკუთარ თავს, ცხოვრობთ თუ არა თქვენი ღირებულებების შესაბამისად. თქვენი პროფესია და საქმიანობა ასახავს თქვენს ღირებულებებს? რას უთმობთ თქვენს თავისუფალ დროს? რამდენად ეყრდნობა თქვენი ურთიერთობები სამსახურში ან პირად ცხოვრებაში თქვენს ღირებულებებს?

რა თქმა უნდა, იქნება რაღაცეები რაც თქვენს ღირებულებებს შეესაბამება, მაგრამ ბევრი თქვენი აქტივობა თუ ქცევა შესაძლოა წინააღმდეგობაში იყოს მათთან. ამიტომ თითოეულ ღირებულებას ჩამოუწერეთ კონკრეტული აქტივობები, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, იმისთვის რომ ამ ღირებულებებით დაიწყოთ ცხოვრება. მაგალითად, თუ თქვენი ერთ-ერთი ღირებულებაა „განვითარება“, მიეცით თქვენს თავს პირობა, რომ ყოველკვირა ერთ ახალ წიგნს წაიკითხავთ თქვენთვის საინტერესო სფეროდან. ან გაივლით ონლაინ-კურსებს. ან თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია „სილამაზე“, თავს პირობა მიეცით, რომ ყოველდღიურად გამოყოფთ ერთ საათს თქვენი სახის და სხეულის მოვლისთვის. ამ აქტივობების ჩამოწერისას თავს ნუ შეიზღუდავთ „პრაქტიკული“ საზრუნავით (ფული, დრო). ამ ეტაპზე წარმოიდგინეთ რაც შეიძლება ბევრი აქტივობა, რომელიც დაგეხმარებათ მიუახლოვდეთ თქვენს ღირებულებებს.

შემდეგ კი ამ აქტივობებს მიუწერეთ კონკრეტული ვადები („დედლაინები“) და გადააქციეთ ისინი თქვენს მიზნებად.

ყოველთვის გეყოფათ დრო, ენერგია და ენთუზიაზმი ისეთი მიზნების მიღწევისთვის, რომლებიც ემსახურება თქვენთვის ყველაზე „მნიშვნელოვანს“. ეს კი მიგიყვანთ თქვენთვის სასურველ და წარმატებულ ცხოვრებასთან.

როცა ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ცენტრალური ღირებულებები და დიდი ხნის განმავლობაში მივმართავთ მათ გადაწყვეტილებების მიღებისას, გამოგვიმუშავდება თვითპატივისცემა და იზრდება ჩვენი თვითშეფასება. გარდა ამისა ჩვენი ქცევები უფრო სტაბილური ხდება, რის გამოც სხვა ადამიანებს ჩვენს მიმართ ნდობა უყალიბდებათ.

როცა ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს ღირებულებებს და ვმოქმედებთ შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ ეს ღირებულებები გავუზიაროთ სხვებს, ვიყოთ მაგალითები, შევცვალოთ ან მოვაწყოთ ისეთი გარემო, სადაც ჩვენი ღირებულებები დაფასებულია და პატივს სცემენ. ამით კი დროთა განმავლობაში ჩვენი ფასეული წვლილი შეგვაქვს საზოგადოების გაუმჯობესებასა და გაკეთილშობილებაში.

და კიდევ, მაშინ როცა ყველაზე ცუდად ვგრძნობთ თავს და ცხოვრებაში ცუდი პერიოდი გვაქვს, ჩვენი პიროვნული ღირებულებები არის „სინათლე“, რომელიც გვახსენებს, თუ რატომ ვარსებობ და რა არის ჩემი მისია ამ სამყაროში.

გადაცემის  აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები