რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ბავშვის სიჯიუტეს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
03.10.2022
277
ბავშვის/მოზარდის სიჯიუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა რუსუდან სამხარაძემ ისაუბრა.
როდის ვლინდება სიჯიუტე?
ბავშვის პრობლემურ ქცევებზე ყველაზე მეტი მომართვა ხდება ფსიქოლოგთან. ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ქცევის, სიჯიუტის, ბრაზის და ისტერიკის მართვა.
ბავშვი სიჯიუტეს ავლენს, როდესაც უფროსი ბავშვს არ უსრულებს მოთხოვნებს და ის ხვდება დაბრკოლებას, როდესაც მას რაღაცას ვუკრძალავთ, როდესაც მას ვთხოვთ ან მოვითხოვთ რაიმე შეასრულოს. ზოგიერთი ბავშვი წინააღმდეგობას მძაფრად გამოხატავს, ზოგი ნაკლებად და ეს დამოკიდებულია ბავშვის ტემპერამენტზე. ეს თავისებურება ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან ჩანს, ზოგის ტემპერამენტი არის მკვეთრი, ზოგი ბევრად უფრო მშვიდია.
თუმცა, მიუხედავად ტემპერამენტისა, სიჯიუტე ბავშვის ასაკობრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე თავს იჩენს გარკვეული დოზით და ხარისხით.
რა პერიოდებში შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული ქცევა?
განვითარებას თან სდევს კრიტიკული პერიოდები და ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი როგორც პოზიტიური, ასევე ნეაგატიური ნიშნები. თუ ვამჩნევთ, რომ პატარა გახდა ჭირვეული, ჯიუტი, გაუგონარი და ჩვენს შენიშვნებზე ისტერიკით პასუხობს, დიდი ალბათობით ასეთი უმართავი ქცევის მიზეზი ასაკობრივი კრიზისია. ამგვარ სირთულეებს ვაწყდებით 2,5 წლიდან 4/5 წლამდე და პუბერტატის პერიოდში (12-16 წელი).
როგორი ნიშნებით ვლინდება სიჯიუტე?
უნდა ითქვას, რომ წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, ბრაზი, ტირილი, ასაკობრივი კრიზისებისთვის დამახასიათებელი მოვლენებია, თითქმის ყველა ბავშვი/მოზარდი გადის ამ ეტაპს და ეს გამოცდილება გარკვეული დოზით ხელს უწყობს მათ განვითარებას, თუმცა აქვს ნეგატიური შედეგებიც: თუკი 2 წლამდე ბავშვი იყო ჰარმონიული, დამჯერი და მორჩილი, ის შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გადაიქცეს დაუმორჩილებელ, ჯიუტ და უმართავ არსებად. მშობლებს ბავშვის ქცევა უქმნის უხერხულობას, დისკომფორტს, დაბნეულობას, ბავშვიც მეტად გაღიზიანებული, აგზნებული, შეწუხებული და დაღლილია. მშობლებს განცდა უჩნდებათ, რომ არ აქვთ კარგი მშობლობის უნარები, იწყება გაუცხოება მშობელსა და ბავშვს შორის, იმედგაცრუება და კომუნიკაციის წყვეტა.
სიჯიუტის პოზიტიური გავლენა ბავშვის განვითარებაზე
გარდა უარყოფითი ნიშნებისა, სიჯიუტეს აქვს გარკვეული პოზიტიური გავლენა ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. ბავშვი ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე წინააღმდეგობით, ჭირვეულობით, გაუგონრობით, ტირილით რეაგირებით სწავლობს, იზრდება, შეიმეცნებს სამყაროს. ამ არხს იყენებს კომუნიკაციისთვის, ვინაიდან ეს უფრო მარტივად გამოსდის და ყურადღებასაც მეტად იქცევს, სიჯიუტის მეშვეობით აღმოაჩენს ბევრ სიახლეს სამყაროში, ცდის/გამოცდის გარემოს და გარშემომყოფებს, აცნობიერებს ნებადართულობის საზღვრებს.
რაში გამოიხატება დადებითი გავლენა?
სიჯიუტის პერიოდში ბავშვები / მოზარდები ხელოვნდებიან მიზანდასახულობაში, პრინციპულობაში, არას თქმის უნარის გამომუშავებაში, თვითდამკვიდრებაში, საკუთარი აზრის გამოხატვის/ გატანის შესაძლებლობაში და ა.შ. ადამიანს ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევასა და გამკლავებაში სჭირდება გარკვეული ხარისხის და გარკვეული დოზის სიჯიუტე იმისთვის, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს, დაბრკოლებები დაძლიოს და მიზანს მიაღწიოს. კვლევები და პრაქტიკული დაკვირებები გვიჩვენებენ, რომ ბავშვები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ერთგვარი ასერტულობით და სიჯიუტით, და თუ მათი ეს თვისებები მშობლის მხრიდან სწორად იყო მართული, მეტად წარმატებული და რეალიზებულები იყვნენ მოზრდილობაში.
რეკომენდაციები აღმზრდელებისთვის
იყავით მხარდამჭერი და მაქსიმალურად ყურადღებიანი ბავშვის მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიქცევა ბავშვი, მან უნდა იცოდეს, რომ ის მიღებული და დაფასებულია მშობლების მიერ, რომ ის მშობლებისთვის საყვარელი ბავშვია. „შენ ცუდი ხარ“, „ცუდი ბავშვი ხარ“, „არ მიყვარხარ, არ ხარ ჩემი შვილი“ და სხვა მსგავსი ფრაზების ნაცვლად, გამოიყენეთ ფრაზები: „ცუდად მოიქეცი“, „მიყვარხარ მაგრამ ნაწყენი ვარ“ და სხვ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლის მისდამი ემოციურ დამოკიდებულებას არ ცვლის მისი ქცევა.
შეადგინეთ და დაიცავით დღის რუტინა – კვების, ძილის, გასეირნების, თამაშის, შემეცნებითი აქტივობების დრო და თანმიმდევრობა. ბავშვთან ერთად ჩამოაყალიბეთ ქცევის წესები და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ მათ. დღის რეჟიმი და რუტინა ბავშვისთვის გარკვეულწილად პროგნოზირებადს ხდის გარემოს, რაც ამცირებს მის შფოთვას, წინააღმდეგობის გაწევისა და სიჯიუტის გამოვლენის სურვილს.
განსაზღვრეთ და დაიცავით ასაკის და განვითარების შესაბამისი წესები ბავშვისთვის რა შეიძლება და რა არა, შექმენით ერთგვარი ნებადართულობის და აკრძალვების ჩარჩო. როგორც ზედმეტი, ისე არასაკმარისი თავისუფლება მავნებელია ბავშვის განვითარებისათვის და ორივე მათგანს შეუძლია ბავშვის ჭირვეულობის, სიჯიუტის, მანიპულაციური ქცევების გამოვლინებას შეუწყოს ხელი.
ვიდრე ბავშვის სიჯიუტეს რთულ ქცევას დაარქმევთ, მანამ დააკვირდით საკუთარ ქცევას. ეცადეთ გააანალიზოთ, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ იგი. დაფიქრდით, შვილს თავად ხომ არ აძლევთ სიჯიუტის მაგალითს. ხშირად, სწორედ ჯიუტ მშობლებს ჰყავთ ჯიუტი შვილები. ბავშვის სიჯიუტის დაძლევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება, თუ თავად მშობელს მუდამ აქვს წინააღმდეგობრივი, ოპოზიციური დამოკიდებულება.
გაითვალისწინეთ ასაკობრივი კრიზისების პერიოდიზაცია და რიგ შემთხვევებში, დაუთმეთ ბავშვს. ეს სულაც არ არის საკუთარი სისუსტის გამოვლინება. პირიქით, პატარა ამით იღებს სხვაგვარი, სიჯიუტისგან განსხვავებული ქცევის მაგალითს. შეიძლება სიჯიუტე ემსახურებოდეს, კვლევას, დაბრკოლებების დაძლევას, ენერგიისგან გამოთავისუფლებას, ემოციური რეგულაციის მიღწევას, შესაძლებლობების გამოცდას და ა.შ. აუცილებელია, რომ საშუალება და შესაძლებლობა მივცეთ გაჯიუტებულ ბავშვს, გადმოაფრქვიოს, დახარჯოს თავისი მოზღვავებული ენერგია. ამისათვის კარგი იქნება ასეთი ბავშვების სხვადასხვა სახის სენსომოტორულ აქტივობებში ჩართვა: მაგალითად, გარე და შიდა სათამაშო მოედანზე თამაში, სპორტული აქტივობები, ქორეოგრაფიული აქტივობები, ხატვის/ძერწვის წრეები, ცურვა, სეირნობა და ა.შ.
აუცილებელია, რომ გაჯიუტებულ ბავშვთან ურთიერთობაში ვიყოთ ემოციურად გაწონასწორებული და ყვირილის, გაღიზიანებისა და ჩხუბის გარეშე ვესაუბროთ მას. ასეთი ბავშვის ქცევის ჩხუბით მართვა იგივეა, რომ აბობოქრებული ტალღების შეჩერებას ყვირილით შევეცადოთ; დამშვიდების შემდეგ გამოიყენეთ „მე-მესიჯები“. ეცადეთ, ისაუბროთ არა იმაზე, თუ რა დააშავა ბავშვმა და როგორი უარყოფითია იგი, არამედ ისაუბრეთ საკუთარ გრძნობებზე, ემოციებზე მაგალითად „მე მეწყინა…., მე გული მეტკინა…., მე გაბრაზებული ვარ…. და ა.შ.“
ბავშვები რომლებიც მალე იღლებიან და ღიზიანდებიან, საჭიროა დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ შთაბეჭდილებების დოზირებისას. მისთვის სასიამოვნო, ნათელი შთაბეჭდილებების სიჭარბეც კი საზიანოა. თუმცა, ცხადია, ამის გამო მას გართობას და მისთვის საინტერესო ადგილებში ყოფნას ვერ მოვაკლებთ. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ ის იწყებს გაღიზიანებას, შფოთვას, უკეთესი იქნება მასთან ერთად დავტოვოთ ის ადგილი, სადაც ვიმყოფებით. არაფერი მოხდება, თუ ბოლომდე არ ნახავთ სპექტაკლს ან მაღაზიიდან დაგეგმილზე ადრე წახვალთ.