LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის მანიპულაცია და როგორ ამოვიცნოთ ის ურთიერთობაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

646
მედეა-გელდიაშვილი

რა არის მანიპულაცია და როგორ ამოვიცნოთ ის ურთიერთობაში – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან კლინიკურმა ფსიქოლოგმა მედეა გელდიაშვილმა ისაუბრა.

რა არის მანიპულაცია?

მანიპულაცია ემოციური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ვლინდება მეორე ადამიანის ინტერესების, ემოციური საჭიროებებისა და გრძნობების უგულებელყოფით. ხშირ შემთხვევაში მანიპულაცია შენიღბულია კეთილგანწყობით, ზრდილობიანი დამოკიდებულებით და რთული ხდება ამოსაცნობის თვალსაზრისით. მანიპულატორი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის იღვწის და, როგორც წესი არ ხდება გათვალისწინება მეორე ადამიანის განცდების, სოციალური თუ ემოციური საჭიროებების. იმისთვის, რომ მანიპულატორმა გავლენა მოახდინოს ხშირად „მხარდამჭერ“, კეთილგანწყობით სავსე გარემოს ქმნის, სადაც თავისი სამომავლო ინტერესების განხორციელებისთვის მოქმედებს. მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე, სურვილებზე კონცენტრაცია ემპათიის ადგილს აღარ ტოვებს, შესაბამისად სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობა, გათვალისწინება მანიპულატორისთვის შეუძლებელი ხდება.

ჩვენ ყველანი განსხვავებულ გარემოში ვიზრდებით, სხვადასხვა აღზრდის სტილის გავლენით. თითოეულ ოჯახს თავისი მიკროკულტურა აქვს, სადაც რაღაც წახალისებულია, ღირებულადაა მიჩნეული, რაღაცას გმობენ, აკრძალვებს აწესებენ.

 რა განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებებს?

ადრეული გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებს ურთიერთობებში საზღვრების დაწესების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ზოგიერთ ოჯახურ სისტემაში არაა წახალისებული ერთმანეთის სურვილების, გადაწყვეტილებების, ემოციური მოთხოვნილებების გათვალისწინება. მშობლები დირექტიული მიდგომით გამოირჩევიან და ცდილობენ მხოლოდ თავიანთ წესებზე დაქვემდებარებული ამყოფონ მოზარდი. წესების ცალმხრივობა თრგუნავს ემოციურ-სოციალური უნარების გამომუშავებას. ამგვარი ურთიერთობის სტილით ადამიანი არაცნობიერად „სწავლობს“ როგორ დაემორჩილოს სხვის სურვილებს, იდენტიფიკაციას ახდენს მეორე ადამიანის საჭიროებაზე და ამ დროს შეუმჩნეველი რჩება თავისი ავთენტური- მე.

ასეთ მდგომარეობაში მატულობს რისკი, რომ ადამიანი მანიპულაციის ქარცეცხლში მოექცეს. ჩვენ, სპეციალისტები ვურჩევთ მშობლებს, შეინარჩუნონ ავტორიტეტი თუმცა წაახალისონ ბავშვის ავტონომიურობისაკენ და ინდივიდუაციისკენ სწრაფვა. იმისთვის, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან კონტაქტის დამყარება შეძლონ, იმის გარჩევა თუ რა არის მათთვის კომფორტის წყარო, როგორი კონტაქტის პროცესში განიცდიან დისკომფორტსა და ემოციურ ტკივილს. ამოიცნონ გარემო, რომელიც მხარდამჭერია, მიმღებელია და გარემო, სადაც ფარულად ხორციელდება ძალადობა, სადაც ადამიანი ემოციური და სოციალური წნეხის ქვეშ ექცევა. 

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ კონკრეტული კონტაქტის პროცესი ჩვენთვის არაჯანსაღია: 1) ურთიერთობაში არსებული მუდმივი კონფლიქტი; 2) ქრონიკულად დანაშაულის განცდა, თავის მართლების რეჟიმში ყოფნა; 3) საკუთარი ინტერესების, სურვილების დათმობა და მეორე ადამიანის საჭიროებების გათვალისწინება; 4) რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა (როდესაც ადამიანი საკუთარ ყოველდღიურობას, საქმიანობას ღირებულად აღარ მიიჩნევს, თითქოს ყველაფერი გაუფასურებულია); 5) საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვა (ადამიანი გაუბედავი ხდება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს; 6) მომატებული შფოთვა; 7) დღის წესრიგის მკვეთრი ცვლილება (როდესაც სულ უფრო მცირე აქტივობები რჩება, რომლებსაც ადამიანი საკუთარი ინდივიდუალური სიამოვნებისთვის განახორციელებდა);

არაჯანსაღი ურთიერთობა საფრთხეს უქმნის თქვენს ემოციურ, სოციალურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. ამ ფონზე თქვენს რეალობაში ნებისმიერი ცვლილება შესაძლოა იყოს ინდიკატორი – როგორ ხართ რეალურად ურთიერთობაში და როგორ ახდენს ეს გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.

magti 5g