რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში - სახალხო პლატფორმა

რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში – გადაცემის „სახალხო პლატფორმა“ სტუმარია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ეკა შარაძემ ისაუბრა.

ცნობილია, რომ 1-ელი ივნისიდან, მკვეთრად გაუმჯობესდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების მომსახურება.  რა ცვლილებები ამოქმედდა?

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული  ბავშვებისთვის გაიზარდა  უფასო მომსახურებაზე  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა –  ბენეფიციარები,  სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში,  ტესტის ჩხირებს, გლუკომეტრებსა და ლანცეტის ნემსებს, მედიკამენტებთან ერთად,  საქართველოს მასშტაბით, 60 აფთიაქში მიიღებენ, ხოლო გეგმურ ამბულატორიულ სერვისს 11  დაწესებულება გაუწევს;

მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ  ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები  3 – თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა; ამასთან, ბენეფიციარები შეძლებენ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ;

როგორც იცით, დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ანუ პაციენტებისთვის უფასოა.

რამდენადაც ცნობილია,  გადაწყვეტილებებს ბენეფიციართა  ჩართულობით იღებთ…

აღნიშნული ცვლილებები დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მათი ინტერესების გათვალისწინებით, განხორციელდა.  ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ფორმატით მოქმედებს –  მშობლებს ყოველ კვირა ვხვდებით, ფაქტობრივად, ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დიაბეტის მართვის პროგრამის მომსახურება გახდეს მეტად კომფორტული და შედეგიანი.  სწორედ ბენეფიციართა სურვილითაა ნაკარნახევი კიდევ ერთი სიახლე  – სახელმწიფო ყიდულობს  მე-4 თაობის   Medtronic-ის CGM სისტემებს. გარდა ამისა, გვესმის ზოგიერთი მშობლის განსაკუთრებული საჭიროება და , ამ  მოწყობილობების გამოსაყენებლად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მობილურ ტელეფონებსაც შევისყიდით.  ვაგრძელებთ მშობლებთან  მჭიდრო ურთიერთობას, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  გამოწვევებს  ოპერატიულად გავუმკლავდეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თითოეულმა ბავშვმა სრულფასოვანი მომსახურება მიიღოს.

საყურადღებო ცვლილებებია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაშიც…

განხორციელდა გარდამტეხი რეფორმა –   საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში  დაფინანსების ახალი  სისტემა –  DRG მეთოდი ამოქმედდა. თითოეული  დიაგნოზის მკურნალობისთვის, სახელმწიფოს მიერ,  კონკრეტული ფასია დაწესებული, პაციენტის თანაგადახდის ოდენობა კი  დადგენილი ტარიფის ფარგლებში განისაზღვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ  პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი გადასახადი, გარდა თანაგადახდის წილისა (0-30%),  რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლის სტატუსითაა გათვალისწინებული. შესაბამისად,  ბენეციარისთვის  მომსახურება ან უფასოა, ან  ის სერვისის ღირებულების,  მაქსიმუმ,  30 % იხდის.

ამასთან, შემცირდა პაციენტის  თანადაგადახდის წილიც   – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე, ზედა ზღვარი დაწესდა.

კერძოდ:

საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილია – 10% – მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 10 % აღემატება 500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

0-5 წლ. ბავშვები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და სტუდენტებისთვის – 20% – არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის – 30% – არაუმეტეს 1500 ლარისა.

ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტს – 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ დარჩება უცვლელი, კერძოდ, სხვაობა ღირებულებასა და ლიმიტს შორის.

ბუნებრივია,  ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ მიმდინარე რეფორმის პირველ შედეგებს, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, როგორც ბენეფიციარებთან, ისე კლინიკებთან, იმისთვის, რომ  მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები და ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.