როგორ ავირიდოთ კონფლიქტი საკუთარ თავთან და გარემოსთან - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

გადაცემის ლაივი LIVE

კონტაქტი საკუთარ “მესთან” და გარესამყაროსთან მნიშვნელოვანი პროცესია, თუმცა ზოგჯერ ადამიანები კარგავენ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უნარს. კონტაქტის წყვეტის დროს პიროვნების მთლიანობა ირღვევა. რა არის აღნიშნულის გამომწვევი და კონტაქტის წყვეტის რა ფორმები არსებობს, მარტა ქარუმიძის გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე.

რას ნიშანს კონტაქტი?

კონტაქტის ცნება გეშტალტ თერაპიაში მნიშვნელოვანი პროცესია. არსებობს ორი სახის კონტაქტი: 1. “მე-შენ” კონტაქტი, რაც გულისხმობს სუბიექტის კონტაქტს სუბიექტთან და 2. “მე-ის” კონტაქტი, რაც გულისხმობს სუბიექტის კონტაქტს ობიექტთან. პირველი სახის კონტაქტი გულისხმობს ზრდასრულ, აუთენტურ ურთიერთობას, რომელიც დამყარებულია ურთიერთ პატივისცემასა და ნდობაზე. ხოლო, მეორე სახის კონტაქტში იგულისხმება დომინანტი და დომინირებული ,,მე”. ამგვარი ურთიერთობა მოკლებულია თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას. კონტაქტი ხორციელდება ვიზუალურად, შეგრძნებების დონეზე. ყნოსვა და გემო მნიშვნელოვანი მოდალობებია, რომლებიც გარემოსთან კონტაქტში გვეხმარება. გარემოსთან კონტაქტი ასევე ხორციელდება ჩვენი კანის მეშვეობით, რადგან ,,მე”- სა და სამყაროს შორის საზღვარი სწორედ ჩვენი კანია. სამყაროდან პირველი დარტყმა სწორედ კანზე აისახება და როგორც ალერგიული რეაქციებით, ასევე შფოთვისა და სხვადასხვა შინაგანი კონფლიქტების სახით შეიძლება გამოვლინდეს. ადამიანი სოციალური არსებაა ამიტომ სრულფასოვანი კონტაქტი როგორც საკუთარ თავთან ასევე გარემოსთან ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ სრულფასოვანი კონტაქტის დროს ხდება პიროვნების ზრდა და განვითარება. კონტაქტის წყვეტა საკუთარ თავთან გულისხმობს, რომ ადამიანს გაუცნობიერებელი და იგნორირებული აქვს საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები. უფრო გასაგები რომ იყოს, ადამიანები ძირითადად ფოკუსირებულნი არიან რაციონალურ ნაწილზე, ამ დროს კი სხეულის შეგრძნებები უგულბელყოფილია. ადამიანი არ არის ცალკე აღებული მენტალობა ან ფიზიკა, ჩვენ ერთი მთლიანი ორგანიზმი ვართ.

კონტაქტის წყვეტის დროს პიროვნების მთლიანობა ირღვევა. არსებობს კონტაქტის წყვეტის სხვადასხვა ფორმები , ძირითადად ვხვდებით 5 ფორმას: 1. ინტროექცია 2. პროექცია 3. რეტროფლექსია 4. დეფლექსია 5. კონფლუენცია

ინტროექცია – უშუალოდ შიმშილის ინსტინქტთან არის დაკავშირებული. ჩვილი, რომელიც იკვებება დედის მკერდიდან, საკვებს გადაუმუშავებლად და გადაუღეჭვად ღებულობს, რაც ბუნებრივია მისი განვითარების ამ საფეხურზე. ზრდასრული ადამიანი კი, რომელიც ინტროეცირებულია, არაკრიტიკულია გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ, ღებულობს ყველაფერს, რასაც გარემო სთავაზობს. ამ დროს ფაქტობრივად გაუცნობიერებელია ადამიანის სურვილები და მოთხოვნილებები, არ ხდება გამიჯვნა რა არის მისი არჩევანი და რა გარემოდან თავსმოხვეული.

პროექცია  – ამ დროს ადამიანი უარს ამბობს საკუთარ, მაგრამ მისთვის მიუღებელ თვისებებზე და მათ გარე რეალობას მიაწერს. უჭირს პრობლემის გადაჭრა, რის შედეგადაც პიროვნული ზრდა ფერხდება. ერთის მხრივ პროექციის დროს საკუთარი მიუღებელი ,,მე”-ს ნაწილების სხვაზე გადაბრალებე ხდება და ამავდროულად გარემოს გაკიცხვაც. თუმცა, პროექცია მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში არ განიხილება, მას რეალობასთან კონტაქტის ფუნქციაც აქვს. ამ დროს ადამიანი ინტუიტიურად ხვდება სხვა ადამიანში მიმდინარე პროცესებს, რაც ნორმალური ადამიანური თვისებაა.

რეტროფლექსია  – ეს ტერმინი საკუთარი თავისკენ შემობრუნებას ნიშნავს. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს მოქმედ სუბიექტადაც განიხილავს.  ამ დროს სიყვარულიც და აგრესიაც საკუთარი თავისკენაა მიმართული. რეტროფლექსირებული ადამიანი ისე ექცევა საკუთარ თავს, როგორც სხვას მოექცეოდა. ადამიანი, რომელიც ემოციებს და გრძნობებს გარე რეალიბისკენ უნდა მიმართავდეს საკუთარი თავისკენ მიმართავს. სიყვარულის რეტროფლექსიის უკიდურეს მაგალითს ნარცისიზმი წარმოადგენს.

დეფლექსია – გამოიხატება განრიდებასა და თვალის არიდებაში. ამ დროს ადამიანს უჭირს ობიექტის ფოკუსში მოქცევა და ფოკუსი ფონზე გადააქვს. ამით გაურბის კონტაქტს გარემოსთან და საკუთარ თავში იკეტება. დეფლექსიის დროს ადამიანი თავიდან ირიდებს მისთვის აქტუალურ, მაგრამ უსიამოვნო სიტუაციებს და საკუთარ თავში იკეტება.

კონფლუენცია – იგივე შერწყმას, ათქვეფას გულისხმობს, საზღვრის მოშლას ,,მე”- სა და სამყაროს შორის. ამ დროს ადამიანი სრულიად შერწყმულია გარემოსთან ან მეორე ადამიანთან და არ ხდება დიფერენცირება მისი და სხვა ადამიანის შეხედულებების და სურვილებისა. ამ მდგომარეობას კარგად გამოხატავს ვითარება,როდესაც ადამიანი საუბარში ,,მე”-ს მაგივრად იყენებს: ,,ჩვენ- ს”. რადგან განსხვავება ,,მე”- ებს შორის იგნორირებულია. კონფლუენციის დროს ადამიანს საკუთარი ავტონომია დარღვეული აქვს. ,,მე”- დ ყოფნა გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე და ქმედებებზე, ხოლო ,, ჩვენ- ად” ყოფნის დროს პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება. კონფლუენციის დროს ადამიანი თავიდან ირიდებს, ნებისმიერ კონფლიქტს, დაპირისპირებას და დისკომფორტს. ,,ჩვენად” გარდაქმნილი ,, მე” ფაქტიურად უთანაბრდება და ერწყმის გარემოს რაც ანთავისუფლებს მას იმ პასუხისმგებლობისგან რასაც ინდივიდობა ეწოდება.

7 რჩევა მაგდა ფერაძისგან:

1. შეეცადეთ კონტაქტში იყოთ საკუთარ თავთან და სხეულთან,ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს გრძნობებს და შეგრძნებებს.

2. ინტროექციის დროს გააცნობიერეთ განსხვავება ,, მე”- სა და ,, შენ”- ს შორის. ნუ მიიღებთ გადაუმუშავებლად თავს მოხვეულ ნორმებსა და აკრძალვებს.

3. პროექციის დროს განსაზღვრეთ რა არის კარგი და რა ცუდი თქვენთვის.

4. რეტროფლექსიის წარმოშობის მიზეზი ხშირად მკაცრი, ამკრძალავი გარემოა. ამიტომ წარსულის დროინდელი ტრამვა დატოვეთ უარყოფით გამოცდილებად და დაიწყეთ საკუთარი სცენარის წერა აქ და ახლა.

5. დეფლექსიის დროს შეეცადეთ განრიდებისა და თვალის არიდების ნაცვლად, ფოკუსში მოაქციოთ თუნდაც ყველაზე უსიამოვნო და საშიში ობიექტი.

6.კონფლუენციის დროს გადაჭერით ფსიქოლოგიური ჭიპლარი სიმბოლურად და გამოეყავით გარემოს აქ და ახლა. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

7. ყველა ზევით ჩამოთვლილი კონტაქტის წყვეტის ფორმა აფერხებს პიროვნულ ზრდასა და განვითარებას. ფსიქოთერაპიის დროს შესაძლებელია მათი აღმოფხვრა და სრულყოფილი კონტაქტის მიღწევა როგორც საკუთარ თავთან ასევე გარემოსთან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

რეკლამა: 0:05