LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ კომპანიაში სურთ ადამიანებს მუშაობა – FM ქოუჩი

35
ირინა ჭოჭუა

როგორ კომპანიაში სურთ ადამიანებს მუშაობა – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი” ქოუჩმა ირინა ჭოჭუამ ისაუბრა.

როგორი კომპანიებია დღეს აღიარებული და მოთხოვნადი?

ადამიანებს რომ ჰკითხოთ, როგორ კომპანიაში უნდათ მუშაობა, აუცილებლად გეტყვიან – იქ, სადაც აფასებენ, იქ სადაც თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ და იციან, რომ რაღაც ფასეულს ქმნიან. რა შემთხვევაში უჩნდებათ თანამშრომლებს ამგვარი ემოციები და ფიქრები? როდესაც კომპანიას აქვს ფასეულობებზე დაფუძნებული კულტურა ჩამოყალიბებული და ამით ოპერირებს. ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაცია არის ცოცხალი მექანიზმი, რომელიც სუნთქავს, პულსირებს და თავის ფასეულობებს აზიარებს ყველა თანამშრომელთან, ქმნის შესაბამის გარემოს, განსხვავებით ტრადიციული კულტურისგან, რომელიც უფრო მექანიკურია და ეფუძნება ურთიერთობების ავტორიტარულ სტილს. ხშირ შემთხვევაში, ასეთი კულტურა ერთი ლიდერის ირგვლივ ერთიანდება მაშინ, როდესაც ფასეულობებზე დაფუძნებული კულტურა ერთიანდება იმ ქცევების, პრინციპების და რწმენების ირგვლივ, რომელიც პასუხობს სწორედ ფასეულობებს.

დღევანდელობაში ლიდერობის და ორგანიზაციული განვითარების პარადიგმამ სახე შეიცვალა. თუ წინა საუკუნის ლიდერობა გულისხმობდა მეტი შედეგების მიღწევას და ორიენტირებული იყო საბოლოო პროდუქტზე, დღევანდელი ლიდერობის სტილი ფოკუსირებულია ადამიანზე და მართვის ისეთ სტილზე, სადაც ადამიანი ვითარდება, სადაც ფასეულობები ინერგება, სადაც გუნდები სინერგიულად მუშაობენ და ამის შედეგად იქმნება საბოლოო პროდუქტი.

რა საბაზისო მოთხოვნა აქვს დასაქმებულს?

ადამიანისთვის ერთ-ერთი საბაზისო მოთხოვნილებაა თავი იგრძნოს რაღაც დიდის ნაწილად. ჩვენ გვსიამოვნებს, როდესაც გვაქვს გუნდური მიკუთვნებულობის შეგრძნება, როდესაც ჩვენი ფასეულობები რეალიზდება და ვერთიანდებით ადამიანებთან, რომლებიც საერთო ხედვას იზიარებენ. სწორედ ამიტომ, კულტურის შექმნა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის დიდ გამოწვევასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ორგანიზაციული კულტურა განსაზღვრას კომპანიის იდენტობას. ალბათ სიამოვნებით იმუშავებდით ისეთ კომპანიაში, სადაც ადამიანები გევლინებიან მხარდამჭერებად, სადაც წარმატებას გულწრფელად აღნიშნავენ, სადაც ხდება სილაღის და სიჯანსაღის კულტივირება, სადაც პოზიტიური და განმავითარებელი გარემოა, სადაც ყველამ იცის, ყოველ დილას სამსახურში რისთვის მიდის. სწორედ ფასეულობებზე დაფუძნებული კულტურის არსებობა ქმნის ამდაგვარ გარემოს.

როგორ კულტურას ქმნიან ორგანიზაციაში ლიდერები?

ორგანიზაციული კულტურა განსაზღვრავს, თანამშრომლები როგორ ინტერაქციაში არიან ერთმანეთთან, გუნდებს რა სტილის კომუნიკაცია და რა ქცევის პატერნები აქვთ როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე ორგანიზაციის გარეთ, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, მხარდამჭერებთან და ა.შ. კულტურაში ჩანს ფასეულობები, რომელიც ითარგმნება კონკრეტულ ქცევებში და წეს-ჩვეულებებში. მოკლედ რომ ვთქვა, კულტურა არის ორგანიზაციის რწმენა-წარმოდგენები მოყვანილი მოქმედებაში. ხშირად მინახავს მაგალითი, როდესაც კომპანიის დეკლარირებული ფასეულობები სხვა არის, თანამშრომლების ქცევაში კი სხვა რამ აისახება. ასეთ შემთხვევაში ნათელია, რომ კულტურა შეიქმნა სპონტანურად და არ ატარებს ერთიან, სისტემურ ხასიათს. ძლიერ ორგანიზაციულ კულტურას შეუძლია თანამშრომელი გადააქციოს გულშემატკივრად, ერთგულ მხარდამჭერად, პარტნიორად. საპირისპირო შემთხვევაში კი სახეზეა კადრების გადინების დიდი მაჩვენებელი. კარგი ორგანიზაციული კულტურა იზიდავს საუკეთესო პროფესიონალებს და თუ თქვენს კომპანიაში არის ასეთი კულტურა, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი თავიანთი რესურსი თქვენი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ. ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურა კრავს ადამიანებს ერთ გუნდად. და როდესაც ასეთ კულტურასთან გვაქვს შეხება, გუნდში უფრო მეტი მრავალფეროვნებაა. ამ შემთხვევაში, ადამიანებს აერთიანებთ არა განსხვავებები, არამედ საერთო ხედვა და რწმენები. მეორე მხრივ, ამის სრულიად საპირისპირო სურათს გვაძლევს ტოქსიკური ორგანიზაციული კულტურა. აქ ადამიანები ერთმანეთს სჯიან შეცდომების გამო, ერთმანეთს არ უსმენენ, ეშინიათ უკუკავშირის, არ აღიარებენ ერთმანეთის მიღწევებს და პირველი შესაძლებლობისთანავე, ტოვებენ ასეთ კომპანიას.

ფასეულობებზე დაფუძნებული კულტურა იქმნება ცნობიერად და ამას აკეთებენ ლიდერები, რომლებსაც აქვთ პასუხი კითხვაზე „კიდევ რისთვის ან ვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი?“, „კიდევ რა სარგებელს მოიტანს კომპანია?“. და განსაკუთრებული სინერგია ხდება მაშინ, როდესაც თანამშრომლები იზიარებენ კომპანიის ღირებულებებს. ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც შენდება თანამშრომლების მოტივაცია, ჩართულობა. ასეთი თანამშრომელი რესურსულია და ბოლომდე ავლენს თავს. შედეგად, კომპანია აღწევს მეტ და მეტ წარმატებას, რადგან კომპანიის წარმატება დგას სწორედ რესურსულ და ჩართულ თანამშრომლებზე.

როგორც დასაწყისში ვთქვი, დღევანდელობაში ორგანიზაციული განვითარების პარადიგმამ სახე შეიცვალა. ჩვენ ყველანი ვართ მონაწილეები პროცესისა, რომლის ცენტრშიც მოექცა კითხვა „რისთვის?“. ამ კითხვაზე პასუხი შეუძლებელია, თუკი ორგანიზაციაში არ არის მკაფიო ხედვა და ფასეულობები – ის, რისთვისაც ადამიანები ყოველ დილას ხალისით მოვლენ სამსახურში და ბოლომდე გამოავლენენ საკუთარ რესურსებს რაღაც მნიშვნელოვანის შესაქმნელად. ეს კი ხდება მხოლოდ ისეთ გარემოში, სადაც კულტურა გვაძლევს ბიძგს ვიყოთ კიდევ უფრო მეტად თვითცნობიერები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები