LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარი ცვლილებების დროს – FM ქოუჩი

5
irina-chochua

გადაცემის ლაივი LIVE

რომელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარი ცვლილებების დროს – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ქოუჩი ირინა ჭოჭუა.

 რა არის ფსიქოლოგიური მედეგობა?

ფსიქოლოგიური მედეგობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარი ცვლილებების დროს ფსიქოლოგიური მედეგობა არის უნარი, ადამიანი იყოს მოქნილი სტრესის ან ცვლილებების ფონზე, შეინარჩუნოს ფუნდამენტური ფასეულობები, მთავარი მიზანი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სწრაფი ან დრამატული ცვლილებების პირობებში. ეს არის მენტალური და ემოციური სტრატეგიების დახმარებით, კრიზისთან გამკლავების უნარი. როგორც ვხედავთ, დღევანდელ სამყაროში, რომელიც არის არასტაბილური, არაპროგნოზირებადი, გაურკვეველი, რთული, ეს უნარი ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ სწრაფი ცვლილებების მომსწრენი, რამაც ადამიანებში გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა, შფოთვა, სხვადასხვა ტიპის მენტალური აშლილობები. ცვლილებები რთულია, თუმცა ცვლილებები არის გარდაუვალი და ეს არის მუდმივი პროცესი.

ადამიანებს კი გვიჭირს შეჩვეული გარემოს და კეთილდღეობის დათმობა. გარდა ამისა, ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა სოციალურმა თუ პოლიტიკურმა მოვლენამ გააჩინა ბევრი ე.წ. ტრიგერი, გამაღიზიანებელი, რომელიც ჩვენში იწვევს ემოციურ არასტაბილურობას და შფოთვებს.

ჩვენ ყველანი სხვადასხვა წარსული გამოცდილებებიდან მოვდივართ და ყველას სხვადასხვა სახის საპასუხო რეაქცია გვაქვს ამა თუ იმ მოვლენებზე და ფაქტებზე. ერთი და იმავე მოვლენაზე მე სხვა საპასუხო რეაქცია მექნება, თქვენ სხვ. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე გამოვლინება, ზოგ შემთხვევაში კი ძალიან მსუბუქი.

ფსიქოლოგიური მედეგობა მოიცავს სხვადასხვა სტრატეგიებს და მიდგომებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდელია კოგნიტური გამკლავების ხერხები, ფაქტის მიღება და აღიარება, საკუთარი ფასეულობების ღრმა გააზრება და ხშირ შემთხვევაში ახლიდან გაცნობიერება, თვით-რწმენა, იუმორი და განსაკუთრებით, თვით-იუმორი, მოვლენების ჰოლისტური აღქმა და განსაკუთრებით, ყურადღების ფოკუსირება პოზიტიურ ნაწილზე. ქცევით სტრატეგიაში მნიშვნელოვანია დავნერგოთ თვით-ზრუნვის პატარა ჩვევები. თუნდაც ერთი პატარა ცვლილება აუცილებლად მოგვცემს მნიშვნელოვან შედეგს. ხშირ შემთხვევაში, ამ ნაწილში რა შეცდომასაც ვუშვებთ, ეს არის დიდი მასშტაბის და ბევრი ცვლილებები. სამწუხაროდ, ეს არ მუშაობს და ამ შემთხვევაში შედეგიანი მიდგომა ნამდვილად არის პატარა ნაბიჯები და პატარა ცვლილებები.

რა უნდა დავიცვათ ქცევის ცვლილების დროს?

აუცილებელია, რომ ქცევის ცვლილების ამ დონეზე დაცული იყოს რეჟიმი და ერთგვარი რუტინა შემოვიღოთ. შეიძლება ეს იყოს კვებითი ქცევის ცვლილება, ძილის რეჟიმის ცვლილება, ურთიერთობების ფორმატის ან ჰობის, ინტერესების ცვლილება. არჩევანი თქვენზეა, თუმცა ამ ყველაფრის მიზანია დადებითი ემოციების სტიმულირება და ჩვენი არაცნობიერისთვის ცვლილების სიგნალების გაგზავნა. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია გარემო და ის მხარდაჭერა, რასაც ვიღებთ გარშემომყოფებისგან. ჩვენ ვართ სოციალური არსებები, ამიტომ სოციუმის მხრიდან გარე დადასტურებები თუ უარყოფა ჩვენზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ჩემთვის პირადად ყოველთვის საგულისხმოა ის ფაქტორი, თუ რამდენად ჩემს გარემოცვაში არის გამოვლენილი ის ფასეულობები, რასაც მე, როგორც ადამიანი, ვეყრდნობი. რამდენად მე ვიცნობ ჩემს ფასეულობებს და რამდენად ვიღებ გარემოსგან შესაბამის პასუხებს. და ამ შემთხვევაში, თუკი ეს ნიშნები არადამაკმაყოფილებელია, მე მწამს, რომ გარკვეულწილად ჩემს ხელშია გარემოს ცვლილებები და შესაბამისი მხარდამჭერი სისტემის შექმნა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ეფუძნება ჩვენს შინაგან რწმენა-წარმოდგენებს, რომელიც არის ჩვენი პროექცია გარე სამყაროზე. რწმენა-წარმოდგენები ხდება ერთგვარი ორიენტირი ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, ემოციებს და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თავში. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების თუ კრიზისის დროს, და არამარტო, მოხდეს გადააზრება, რა რწმენა-წარმოდგენების ფილტრიდან ვიყურებით და ვუმზერთ სამყაროს. შესაბამისად, რას ვხედავთ და რას ვერ ვხედავთ, რა ხვდება ჩვენი ფოკუსის ზონაში და რა უბრალოდ იშლება. კიდევ ერთი სტრატეგია, რაზეც გავამახვილებ ყურადღებას ფსიქოლოგიური მედეგობის ჭრილში, არის მენტალური სიჯანსაღე და სულიერი განვითარება. ჩვენს საზოგადოებაში ეს საკითხები, სამწუხაროდ, ნაკლებად საყურადღებოა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ზრუნვა. ჩვენ ბავშვობაში გვასწავლიან ფიზიკურ სიჯანსაღეზე ზრუნვას. თუკი თითს გავიჭრით, გვასწავლიან, როგორ ვიმკურნალოთ. თუმცა, ნაკლებად გვინერგავენ მენტალურ სიჯანსაღეზე ზრუნვას.

მაგალითად, თუკი გავბრაზდებით, როგორ გამოვხატოთ ემოციები ეკოლოგიურად. ამიტომ, ამ ყველაფრის დასწავლა გვიწევს უკვე ზრდასრულ ასაკში. ჩემთვის სულიერი განვითარება არ გულისხმობს რელიგიური მიმართულებებით განვითარებას. ეს არის პასუხის პოვნა კითხვაზე ვინ ვარ და რისთვის ვარ ამ სამყაროში? ეს არის ძალიან დიდი და ღრმა გაცნობიერებების გზა, რომელსაც ადამიანები სხვადასხვანაირად გავდივართ.

ფსიქოლოგიური მედეგობის ჭრილში, სულიერი განვითარება და შესაბამისი მხარდამჭერი სისტემები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები